სტადიო „ლუიჯი ფერარისი”

იტალიის ქალაქმა გენუამ „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” თავი ლიბერტადორესის თასის საპასუხო შეხვედრის ჩატარების ადგილად შესთავაზა. მიზეზი: ორივე არგენტინული კლუბი ფესვებით გენუას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ „სუპერკლასიკოდ” წოდებული ბუენოს აირესის დერბი ამ შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბს გასცდა და კონტინენტური შეჯიბრების ფინალის სახით მოგვევლინა. პირველ შეხვედრაში „ბოკამ” და „რივერმა” 2:2 ითამაშეს, საპასუხო კი ვერ გაიმართა, რადგან „რივერ პლეიტის” ხულიგანმა ფანებმა „ბოკას” ავტობუსი დაარბიეს და ფეხბურთელებს ფანჯრებში ცრემლსადენი გაზის ბალონები შეუყარეს. ორი დასახიჩრებული მოთამაშე საავადმყოფოში შეიქნა გადასაყვანი, ცნობილი კარლოს ტევესი, კი მოიწამლა და მთელი საღამო გული ერეოდა.

ჯერჯერობით კიდევ არ არის გადაწყვეტილი სად გაიმართება საპასუხო შეხვედრა. ფაქტია, რომ არგენტინელი სამართალდამცავები გუნდების უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევიან და სწორედ ასეთ დროს მიიღეს „რივერის” და „ბოკას” პრეზიდენტებმა როდოლფო დ’ონოფრიომ და დანიელ ანხელიკიმ შეთავაზების წერილი იტალიიდან.

გენუელები დარწმუნებულები არიან, რომ თამაშის მათთან გამართვა სწორი და სამართლიანი იქნება, რადგან ბუენოს აირესის ორივე გუნდი მე-20 საუკუნის დასაწყისში გენუელმა ემიგრანტებმა დააარსეს.

გენუელები არგენტინელებს „ჯენოასა” და „სამპდორიას” სტადიონს „სტადიო ლუიჯი ფერარისს” უთმობენ.