ორშაბათს, 26 ნოემბერს, „მიხეილ მესხზე,“ ლიდემა „საბურთალომ“ უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 2:1 მოუგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, მეტოქეთათვის მიუღწეველი გახდა.

ანგარიში მე-14 წუთზე დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. თუმცა, მასპინძლები გონს მალევე მოეგნენ და ჯერ გიორგი კოხრეიძემ მე-20 წუთზე გაათანაბრა პენალტით, ოთხ წუთში კი ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვეშმა მეორედ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან თამაში. სიუჟეტიც უფრო ფერადი პირველ 25 წუთს იყო. მერე „საბურთალომ“ ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი და უპრობლემოდ მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე.

გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა, ძალიან სიმპათიურმა საბურთალოელებმა წინა სამივე წრეც მოიგეს და ეს დამაჯერებლად გააკეთეს.

სწორად მუშაობენ და შედეგიც დამსახურებულად მიიღეს.  ჩემპიონატის დაწყებიდან ლიდერობდნენ. მხოლოდ მერვე ტურში გაუსწრო „დინამომ“ და ისიც ბურთების უკეთესი სხვაობით. საბურთალოელებს თამაშიც დალაგებული ჰქონდათ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს. სექტემბრის შუაში კი მიჯრით ჯერ „დინამოსთან“ წააგეს, შემდეგ „ტორპედოსთან,“ ქომაგები ცოტა ანერვიულეს, მაგრამ მალევე დალაგდნენ და დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ღირსეული ჩემპიონები არიან.

„დინამოსაც“ სეზონში ოთხიდან სამი მატჩი მოუგეს. 1999 წელს დაარსებული „საბურთალო,“ უმაღლეს ლიგაში პირველად 2015 წელს გამოჩნდა და სამ წელიწადში ოლიმპზე მოექცა.

„საბურთალო“ მეცხრე გუნდი გახდა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონობა მოუპოვებია. მანამდე ამ ღირსებას: დინამო, ტორპედო, ვიტ ჯორჯია, სიონი, მეტალურგი, ზესტაფონი, დილა და სამტრედია ფლობდნენ.

სხვათა შორის, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ორი დღის ინტრევალში გამოვლინდა. გუშინ „ტორპედომ“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „გაგრა“ დაამარცხა, დღეს კი „საბურთალომ“ ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონობა.

„ტორპედომ“ ტურის ადრეულ მატჩში უნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო მეზობელ „ჩიხურას“ და ფაქტობრივად, დაიბევა მესამე საპრიზო ადგილი. თუმცა, „დინამოს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და ვინძლო, ვიცე-ჩემპიონობაზეც არ თქვას უარი.

ქუთაისელები კი უკვე 18 მატჩია ყველა ტურნირში დაუმარცხებელნი არიან.

„სიონმა“ წინა ტურში „“რუსთავს“ მოუგო და სტურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა, მაგრამ ამჯერად „ლოკომოტივთან“ 1:2 წააგო და ისევ გასავარდნ ზონაში დაბრუნდა.

33-ე ტური: ჩიხურა 0:2 ტორპედო, კოლხეთი 0:1 რუსთავი, დილა 3:0 სამტრედია, სიონი 1:2 ლოკომოტივი, საბურთალო 2:1 დინამო

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

34-ე ტური

29 ნოემბერი: სამტრედია – ჩიხურა, რუსთავი – დილა

30 ნოემბერი: ლოკომოტივი – კოლხეთი, დინამო – სიონი, ტორპედო – საბურთალო

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 20, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 18, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 17, ლეანდრო რიბეირო (დილა), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო) – 14, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი, ავსტრია), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) – 11, ლევან კუტალია (ტორპედო), მამია გავაშელიშვილი (ტორპედო) – 10