კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს განგებამ სიკეთე და უბედურება ერთი სახით გამოუგზავნა — მას ოსმან დემბელე ჰქვია. ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც წინა კვირებში ლანძღვის საგანი იყო, ახლა ქება-დიდების ობიექტია. „ატლეტიკოსთან” ბოლო ტურის შეხვედრაში მან 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და „ბარსა” წაგებისგან იხსნა. ესპანური ლიგის ყველაზე მოუწესრიგებელი მოთამაშე იმავდროულად ყველაზე საჭირო ფეხბურთელი გამოდგა.
მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში 77-ე წუთზე გახსნეს. ეს დიეგო კოშტამ მოახერხა, მაგრამ ამ გოლიდან ორ წუთში ვალვერდემ არტურის ნაცვლად მოედანზე დემბელე შეიყვანა და, როგორც მოგახსენეთ, ცვლილებამ გაამართლა.
აღსანიშნავია, რომ ვალვერდემ გარისკა. არავინ იცოდა როგორ იმოქმედა თავნება ახალგაზრდაზე ბოლოდროინდელმა ამბებმა — კრიტიკამ, სათადარიგოთა სკამზე დატოვებამ.
სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ „ლა ლიგაში” გადამწყვეტი გოლების სხვა ასეთი ოსტატი არავინაა. დემბელემ ხუთი შეაგდო და აქედან ოთხმა გუნდს 6 ქულა მოუტანა. სიცხადისთვის ვიმეორებთ: ეს იყო თამაშის ბედის გადამწყვეტი გოლები. ისინი რომ არა „ბარსელონა” ქულებს დაკარგავდა. ამას დაამატეთ „სევილიასთან” სუპერთასზე გატანილი კიდევ ერთი გადამწყვეტი გოლი და სრულ სურათსაც მივიღებთ.
მაშ, თუ ოსმან დემბელეს ასეთი უნიკალური თვისება აქვს, პრობლემა რაღაშია? მის პიროვნებაში! ერნესტო ვალვერდე დემბელესთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ დაღალა. „ბარსას” გავლენიანი მოთამაშეები (პიკე, სუარესი და სხვანი) უმცროსი კოლეგის უწესრიგობაზე საჯაროდ ლაპარაკს არ ერიდებიან. ასევე იქცევიან დირექტორები (გილერმო ამორი, პეპ სეგურა), მაგრამ კლუბი ფრანგს მაინც „მარგალიტად” მიიჩნევს და მასში გადახდილი 100 მილიონ ევროზე მეტი გამართლებულ ხარჯად მიაჩნია.
ვალვერდემ ოსმან დემბელე 19 თამაშიდან 16-ში ათამაშა. ამ შეხვედრებში მან 7 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გადააწოდა.
კონკრეტულად „ლა ლიგაში” დემბელემ 13 ტურიდან 12-ში მიიღო მონაწილეობა და მათგან რვაჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ამ მატჩებში ფრანგმა კარის მიმართულებით ცხრამეტჯერ დაარტყა, აქედან ათჯერ კარის ჩარჩოში დაუმიზნა, რომელთაგან ხუთი შევარდა. გამოდის, რომ ოსმან დემბელეს დარტყმების 25 პროცენტზე მეტი გოლია.
და მაინც, „ბარსას” ახალგაზრდა თავდამსხმელისგან სტაბილურობა, გუნდური სულისკვეთების შესისხლხორცება და მუდმივი კონცენტრაცია უნდა, — წერს „სპორტი”.