შუაში, ხავიერ აგუირე

გუშინ „ლივერპულმა” „უოტფორდს” სტუმრად 3:0 მოუგო. მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ შორია, ეგვიპტის ნაკრების ახალ მწვრთნელს, 59 წლის მექსიკელ ხავიერ აგუირეს კი არ მოსწონს, რომ მისი გუნდის მთავარი ვარსკვლავი, 26 წლის მოჰამედ სალაჰი კვლავ დიდი ტიტულის გარეშე დადის.

„თუ ერთ-ორ წელიწადში „ლივერპული” ისევ ვერაფერს მოიგებს, მოჰამედისთვის აჯობებს ამ კლუბიდან წავიდეს”, — თქვა აგუირემ ეგვიპტის ტელევიზიის გადაცემა „სტანდარტსპორტში”.

„ფარაონების” მთავარ ფორვარდს „წითლებთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს. გასულ სეზონში ის ახლოს იყო დიდ ჯილდოსთან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულმა” „რეალთან” 1:3 წააგო.

აღსანიშნავია, რომ სალაჰმა რამდენიმე ტიტულის მოგება „ლივერპულში” გადასვლამდე მოასწრო: 2013 და 2014 წლებში ის „ბაზელის” შემადგენლობაში შვეიცარიის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2015 წელს „ჩელსის” მაისურით პრემიერლიგის ჩემპიონი და ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.