„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური მატჩის წინ „რივერ პლეიტის” ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს, რის გამოც ორი ფეხბურთელი საავადმყოფოში გახდა წასაყვანი.

სტადიონზე მისულ „ბოკას” ვარსკვლავებს, მათ შორის ევროპელი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილ კარლოს ტევესს გასახდელში გული ერეოდათ — ასე იმოქმედა ცრემლსადენმა გაზმა, რომლის ბალონებიც ხულიგნებმა ავტობუსის ჩამტვრეულ ფანჯრებში შეყარეს.

არეულობის გამო სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ შეხვედრა თავიდან ორი საათით გადადო — ეგონა დაზარალებული გუნდის ფეხბურთელები გონს მოსვლას და მოედანზე გასვლას შეძლებდნენ, მაგრამ საბოლოოდ თამაში დღეისათვის გადაიდო. თბილისის დროით ის ღამის 12 საათზე, ანუ ფორმალურად უკვე ხვალ დაიწყება.

მოგეხსენებათ, ბუენოს აირესის ორი გუნდის, „ბოკა ხუნიორსისა” და „რივერ პლეიტის” დაპირისპირებას „სუპერკლასიკო” ეწოდება. ამბობენ, რომ ახლანდელი შეხვედრა მათ ისტორიულ შუღლში უდიდესია — ის ხომ არგენტინის შიდა შეჯიბრების ფორმატს არ განეკუთვნება, კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალია.

შეხვედრას, რომ დიდი აჟიოტაჟი ახლავს იქიდანაც ჩანს, რომ „ბოკას” ბოლო ვარჯიშს 49 ათასი(!) გულშემატკივარი დაესწრო. პირველი თამაში 2:2 დასრულდა.

რამდენად გამართლებულია დღეს ამ შეხვედრის ჩატარება? არავინ იცის მართალია თუ ტყუილი, მაგრამ დაირხა ჭორი, რომ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ „ბოკას” ხელმძღვანელებს დაურეკა და დაემუქრა, თუ თამაშზე არ დაყაბულდებით, შემდგომი შეჯიბრებებიდან მოგსნითო.

კარლოს ტევესმაც დაადასტურა, რომ მათ თამაშს აიძულებენ.