„პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ ვილნევმა ინტერვიუში არსენ ვენგერისა და კარიერის გაგრძელების იმ ვარიენტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მის მეგობარს იმ პერიოდში ჰქონდა.
მოგეხსენებათ, ფრანგმა მწვრთნელმა ლონდონის გუნდი 22 წლიანი ეპოქის შემდეგ, 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. ვილნევი ამბობს, რომ მას გერმანიასა და ესპანეთში გადასვლის ვარიანტები ჰქონდა.
„იყო ორი კლუბი, რომელთაც ყოველთვის უნდოდათ მისი გადაბირება, — თქვა ვილნევმა, — ამ ორიდან ერთი იყო „ბაიერნი”. „ბაიერნს” ვენგერი იმიტომ უნდოდა, რომ არსენს ოთხ ენაზე შეუძლია ლაპარაკი, მათ შორის გერმანულად. აგრეთვე იტალიაში, ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში დავსწრებივარ მისი და მადრიდის „რეალის” წარმომადგენლების მოლაპარაკებებს, მაგრამ ვენგერი მაშინ „არსენალში” დარჩა”.
პსჟ-ს ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხეს, რამდენად ივარგებდა ვენგერი საფრანგეთის ლიგაში, თან მაინცდამაინც მწვრთნელის კი არა, თუნდაც ფუნქციონერის ან სხვა ტიპის ხელმძღვანელის როლში.
„ვფიქრობ, არსენი საფრანგეთში დიდ საქმეებს გააკეთებდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის რანგში არა. „პარი სენ ჟერმენის” დღევანდელი პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი საქმეს თავს კარგად ართმევს, თუმცა დიდ გუნდებს დიდი ლიდერები ქმნიან. მარტო ვარსკვლავების ყიდვა საქმეს არ შველის, ამიტომ, თუკი პარიზში ვენგერს მწვრთნელად მოიყვანენ, მე მხოლოდ მივესალმები.
„პარი სენ ჟერმენის ხელმძღვანელებს ყოველთვის სურდათ არსენთან თანამშრომლობა, მაგრამ ის „არსენალის” ერთგული იყო”, — თქვა შარლ ვილნევმა.
„არსენალიდან” წასვლის შემდეგ არსენ ვენგერს არსად დაუწყია მუშაობა.