კიუსიუზე მიმდინარე წლის დამაგვირგვინებელ ბაშოს ორი ფავორიტი დაწყებამდევე გამოაკლდა. იოკოძუნებიდან მესამემ ოთხი დღე იჯახირა და ისიც ტრავმის მიზეზით დაემშვიდობა კუნძულს. ასეთ ვითარებაში ოძეკი ტოჩინოშინი ერთ-ერთ კი არა, ლამის უპირველეს ფავორიტად შეირაცხა. სწორედ მოჭარბებულმა ყურადღებამ გაუწია ქართველ გოლიათს დათვური სამსახური.

სუმოს ელიტაში უკვე ყველამ იცის, ქართველი თუ მავაშიმდე მიუშვი, იოკოძუნასაც გაიტანს. ჰოდა, კონტრტაქტიკის შერჩევაც დაიწყეს. შედეგი? დღეს ბაშომ ეკვატორი გადალახა. იაპონელები ამ დღეს ნაკაბის ეძახიან. ჰოდა, ჩვენი ნაქები ფალავანი ნაკაბის ზედიზედ სამი მარცხითა და 3:4 ბალანსით შეხვდა. მისი დღევანდელი შეხვედრის ბედიც ბეწვზე ეკიდა. ლევანმა რიუდენს ორივე ხელი დაუბლოკა, მაგრამ ბოლოს სანამ ისევ მავაშში არ სწვდა, ვერა დააკლო.

ასეა თუ ისე, ტოჩინოშინის ბალანსი 4:4 – ზე არის.

ერთი ეგაა, რომ ჩვენებურს მეტი მრავალფეროვნება მართებს. რაც შეეხება მიმდინარე ბაშოს, ვიყოთ რეალისტები: ლევანის ამოცანა დადებითი ბალანსის დაფიქსირება, ანუ დარჩენილი შვიდიდან ოთხი ბრძოლის მოგებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ კადობანი და ოძეკის ტიტულის დაკარგვის საფრთხე…

ორშაბათს ტოჩინოშინი ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერს ხვდება. ტაკაკუისიუ სულ 22 წლისაა, მაგრამ კიმუსუბის ტიტულს ატარებს და მიმდინარე ბაშოზე მხოლოდ ერთხელ იძლია. ლევანთან აქამომდელ ბრძოლებში ელიტის ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორი 4:1 იგებს.

წილი
წინა სტატიალაშა ტალახაძის სახელობის ჩიხი
შემდეგი სტატიააუცილებლად მოსაგები თამაში
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".