მთავარი ამბავი ლონდონში, “თუიქენემ სთედიუმზე”, 80369 ქომაგის თვალწინ დატრიალდა: რაგბის შემოდგომის ტესტების პირველი კვირის მთავარი თამაში ინგლისმა სამხრეთ აფრიკას დიდი გაჭირვებით, 12:11 მოუგო. მასპინძლებს ლელოს დადება არ ეწერათ. პირიქით, 33-ე წუთზე სბუ ნქოზის დადებული ლელო ერთადერთი გამოდგა თამაშში, რომელმაც “ქურციკებს” პირველი ტაიმის 8:6 მოგების საშუალება მისცა. ჯაჯგური მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და საბურთაო სახეობათა მამებმა მხოლოდ ოუენ ფარელის ჯარიმებით მოახერხეს ფონს გასვლა.
იაპონია – ახალი ზელანდიის 31:69-ზე გუშინვე დავწერეთ, ხოლო უელსი – შოტლანდიის 21:10-ს აქ ვუძღვნით ორიოდ სიტყვას. კარდიფის “პრინსიპალიტი” 63188 მაყურებლით იყო სავსე და ბოლოც მასპინძლებს დარჩათ. პირველ ტაიმში თითო ლელოს გაცვლის შემდგომ უელსელებმა მეორე ნახევარი ყოჩაღად დაიწყეს და ჯონათან დევისის 48-ე წუთზე დამიწებული ლი ჰაფპენიმ რომ გარდასახა, საბოლოო ანგარიშიც თურმე ეს იყო, შოტლანდიელთა მიძალებას დაცვით ნაქებმა უელსმა ბოლომდე გაუძლო.
და ბოლოს, და რაც მთავარია: რატომღაც (ალბათ ბიზნეს-მოსაზრებებით) შორეულ ჩიკაგოში, ამერიკული ფეხბურთის მოედან “სოლჯერ ფილდზე” გამართულ თამაშში ირლანდიამ იტალია დიდად გაამწარა (54:7). მიქელე კამპანაროს ლელოს პასუხად კელტებმა რვაგზის შეათრიეს ნესვა ბურთი მეორე ტაიმში სრულიად დემორალიზებული აპენინელების ჩათვლის მოედანზე და შვიდჯერ გარდასახეს. კარგია თუ ცუდი ეს ამბავი მომავალი კვირის იტალია – საქართველოს თვალსაზრისით? უფრო ალბათ ცუდი – აპენინელები ჩვენებს ფლორენციაში არამხოლოდ მოტივირებულნი, არამედ დამცირებით გაცოფებულნი დახვდებიან.