„რეალმა” „ლა ლიგაში” ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „ვალიადოლიდთან” გაიმარჯვა – 2:0. მასპინძლებს იღბალი დაეხმარა. სტუმართა მიერ ხარიხისთვის ორჯერ გარტყმულ ბურთს თუ გნებავთ სულ ნუ მივიღებთ მხედველობაში — 18 წლის ვინისიუსის გარდამტეხი გოლიც იღბლის დამსახურება იყო. ბრაზილიელის დარტყმული მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება მკვეთრად შეიცვალა და კარში ისე შევარდა.
იღბალი ფეხბურთში, რასაკვირველია, საჭიროა. ამიტომაც დაარქვა „მარკამ” თამაშის მიმოხილვას ასე: „ვინისიუსმა „რეალს” ბედი შეუცვალა”. თუმცა, აქ სხვა რამეზე გვინდა თქვენი ყურადღების გამახვილება: „ლოს ბლანკოსმა” „ვალიადოლიდთან” 3 ნოემბერს ითამაშა. როგორც მოგეხსენებათ, ეს მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. შემდეგი მატჩი კი მადრიდელებს შინ დეკემბრამდე აღარ აქვთ, რაც ერთგვარ გამოცდადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ამიერიდან „რეალის” კალენდარი ასეთია: 7 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ჩეხეთში პლზენის „ვიქტორიასთან”; 11 ნოემბერს ვიგოში „სელტასთან”; 24 ნოემბერს ეიბართან, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიაში, „რომასთან”.
ამრიგად, „რეალი” შინ „ლა ლიგის” მე-14 ტურამდე ვერ ბრუნდება. ხსენებული ტური კი 1-2 დეკემბრის უქმეებზეა დანიშნული. კერძოდ რომელ დღეს და რომელ საათზე ითამაშებენ „თეთრები” ჯერ გადაწყვეტილიარ არის, მაგრამ ის ცნობილია, რომ მეტოქე „ვალენსია” იქნება.