მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში გაიმართება, შესაძლოა მონაწილეთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდოს. განცხადება ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აზიის საფეხბურთო კონფედერაციის კონგრესზე გააკეთა.
აქამდე არსებული გადაწყვეტილებით, მუნდიალის მონაწილეთა რიცხვი 32-დან 48-მდე 2026 წლიდან უნდა გაზრდილიყო, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ფორმატი შესაძლოა 4 წლით ადრე შეიცვალოს.
ჯანი ინფანტინოს თქმით, ფორმატის გაფართოება აზიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვოტის გაორმაგების საშუალებას მისცემს და ასევე რეგიონში ქვეყნებს შორის კავშირებსაც გააღრმავებს.
ყატარს ბოლო პერიოდში საკმაოდ დაეძაბა ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან: საუდის არაბეთთან, ბაჰრეინთან, ეგვიპტესთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ეს ქვეყნები ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ.
ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება. მატჩებს 7 ქალაქი უმასპინძლებს.
48-გუნდიანი ფორმატი პირველ ეტაპზე 16 3-გუნდიანი ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, რომელთაგან მომდევნო ეტაპზე 2-2 საუკეთესო გავა.