1979 წელი ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ ტევადი გამოდგა – თბილისის „დინამომ“ პირველად ითამაშა ჩემპიონთა თასზე – მეთექვსმეტედფინალში ინგლისის ჩემპიონ „ლივერპულს“ მოუთავა საქმე და მომდევნო ეტაპზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონ „ჰამბურგერ შპორტფერაინს“ დაეტაკა.

მაშინ დასავლეთ გერმანიაში ორი გუნდი ბობოქრობდა – მიუნხენის „ბაიერნი“ და „ჰამბურგი“. ეს გუნდები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ. „ჰამბურგს“ ჰყავდა ევროპის 1978-1979 წლების საუკეთესო ფეხბურთელი კევინ კიგანი, ევროპის მომავალი ჩემპიონატის გმირი ჰორსტ ხრუბეში, ფელიქს მაგათი და მარჯვენა მცველი მანფრედ კალცი. „ჰამბურგს“ მაშინ იუგოსლავიელი სპეციალისტი ბრანკო ზებეცი წვრთნიდა. 1983 წელს „ჰამბურგმა“ ჩემპიონთა თასი მოიგო და თითქმის იგივე შემადგენლობა ჰყავდა, რაც 1979 წელს, ოღონდ გუნდს უკვე ლეგენდარული ავსტრიელი მწვრთნელი ერნსტ ჰაპელი თავკაცობდა.

1979 წელს „დინამოც“ ვარსკვლავური გუნდი იყო, მაგრამ გერმანელებთან ორივე მატჩი წააგო. ჰამბურგულ ამბებს დინამოელთა მეგოლე რამაზ შენგელია იხსენებს.


„ლივერპულთან“ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელები საკუთარ თავს ვატყობდით, რომ მაინცდამაინც მაგარ ჯანზე ვეღარ ვიყავით, ძალა გვეცლებოდა, რადგან სეზონის ბოლო იყო.

ჩვენ სეზონი მარტის დასაწყისში დავიწყეთ, „ჰამბურგმა“ კი აგვისტოში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და თასის გათამაშება, სანაკრებო მატჩები და ევროტუნირი – ამდენ ფრონტზე ვიბრძოდით და „ჰამბურგისთვის“ უკვე გამოფიტულები ვიყავით.

ისიცაა, რომ ძალიან ძლიერ გუნდებთან თამაშის დიდი გამოცდილება არ გვქონდა. ამიტომაც იყო, „ლივერპულთან“ პირველი მატჩის წინ ძალიან რომ ვღელავდით. შეხვედრის პირველ წუთებზე დათო ყიფიანის პასით მეკარესთან პირისპირ რომ აღმოვჩნდი, ამის არ მჯეროდა – რა ხდება, „ლივერპულს“ ვეთამაშებით თუ იაროსლავლის „შინიკს“? აი, ასეთი გრძნობა დამეუფლა და ის მომენტიც ვერ გამოვიყენე. მოკლედ, ვერ წარმოგვედგინა, რომ დიდ ევროპულ გუნდებთან ტოლ-სწორად შეგვეძლო თამაში.

ჩვენი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი ყოველი მატჩის წინ გვიხასიათებდა მეტოქე ფეხბურთელებს. ჰამბურგელებზე გვითხრა, ყველაზე მეტად კიგანს და ხრუბეშს უნდა ვუფრთხილდეთო. „დინამო“ მაშინ ზონურ დაცვას თამაშობდა და ძალიან იშვიათად, რომ ახალკაცს რომელიმე მეტოქე ფეხბურთელისთვის პერსონალური მეურვე მიეჩინა. „ჰამბურგთანაც“ ასე მოხდა, პერსონალურად არავის ვიყვანდით.

„ჰამბურგთან“ პირველი მატჩი გერმანიაში გვქონდა და მეტოქემ პირველ წუთებში ისე შემოგვიტია, როგორც ჰიტლერმა საბჭოთა კავშირს. ძნელად გასაძლები იყო გერმანელთა შტურმი, მაგრამ პირველი ტაიმის შუაწელიდან მანუჩარ მაჩაიძემ და ყიფიანმა ბურთი „დაიჭირეს“, თანაგუნდელებს ამოსუნთქვის საშუალება მოგვცეს და გამოჩნდა, რისი მაქნისებიც ვიყავით.

მოკლედ, თამაში გათანაბრდა, მეტოქეს ჩვენი ძალა დავანახეთ და გოლიც გავიტანეთ – დარასელიამ ბურთი ყიფიანს გადააწოდა, დათომ „ჰამბურგის“ საჯარიმოში ორი მცველი მოხდენილად ჩამოიცილა და დაბალი ბურთი გაუტანა რუდი კარგუსს.

ამის მერე იყო, კალცმა რომ აიწყვიტა. ის შეტევაში ფორვარდივით თამაშობდა და დაცვაში ჩასვლასაც ასწრებდა, უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა, 80-მეტრიან „რივოკებს“ აკეთებდა აქეთ-იქეთ – ეს სასწაული იყო! კალცს, ალბათ, ბუნებრივად ჰქონდა ბოძებული დიდი გამძლეობა. მისი ფლანგური ჩაწოდებებიც არაჩვეულებრივი გახლდათ. თუ კალცი დაცვიდან იწყებდა შეტევას, მაშინ ის მე უნდა ამომეკეტა, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებდი, რადგან ძალიან სწრაფად, მოუღლელად მოძრაობდა.

გამთანაბრებელი გოლიც კალცის აქტიურობას მოჰყვა – მისი ფლანგური ჩაწოდების ჩაჭრა დავით მუჯირმა სცადა, მაგრამ ბურთი ფეხიდან აეჭრა და ავტოგოლი გამოუვიდა. საკუთარ კარში გოლი ბუმბერაზ მცველებსაც გაუტანიათ…

პირველი ტაიმი 1:1 მორჩა და დაიწყო თუ არა მეორე, კვლავ კალცმა შემოგვიტია და ჰამბურგელთა მეორე გოლიც მის ჩაწოდებულს მოჰყვა – გამოსვლაზე ოთარ გაბელიამ დააგვიანა და კიგანმა ახლოდან გაიტანა. როცა გერმანელებმა კიდევ გაგვიტანეს, მერე ჩვენც შევქმენით საგოლე მომენტები – გუცაევს მეკარემ აუღო, ხოლო მე 13-14 მეტრიდან ძელს გავარტყი ბურთი.

ახლაც კამათობენ იმაზე, მუჯირის ავტოგოლი რომ არა, „დინამო“ „ჰამბურგს“ გაივლიდაო. მე კი ვიტყოდი, გერმანიაში მინიმალური ანგარიშით რომ წაგვეგო, „ჰამბურგს“ გავივლიდით.

თბილისში სტადიონი გადაიჭედა და უკვე მე-5 წუთზე გუცაევის გოლით დავწინაურდით. მაგრამ, ასე ვთქვათ, ვერ გავჩერდით, ვერ დავოკდით, რადგან მეორე გოლიც გვქონდა გასატანი. ვუტევდით და ჯანიც მოგვდიოდა, „ჰამბურგი“ კი ჩვენზე უფრო მხნე და დასვენებული იყო. კიგანმაც კონტრშეტევაზე გამოგვიჭირა კალცის პასით. ტაიმის ბოლოს ტანმაღალმა ხრუბეშმა გაგვიტანა თავით კიგანის ჩაწოდებულზე, თუმც ხუთ წუთში ყიფიანმაც უნაკლო თავურით უპასუხა. მეორე ტაიმში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ ჯანი არ გვყოფნიდა, ამიტომაც ვერაფერი შევძელით.

კიგანი მაშინ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუმც „ჰამბურგიდან“ ყველაზე უფრო მას ვერ გამოვარჩევდი. კიგანი ძალიან მიძრავი იყო გოლის ალღოთი, ის თავდამსხმელების უკან თამაშობდა. კარგი ფეხბურთელი იყო მაგათიც, მაგრამ ყველაზე ოსტატურად კალცი თამაშობდა, ვისაც, ვფიქრობ, ფაქტობრივად, ავტომატიზმის დონემდე ჰქონდა აყვანილი შეტევაში წასვლა და უკან ჩასვლა.

ახლა ბევრს აინტერესებს რა ტაქტიკით თამაშობდა მაშინ „დინამო“. ჩვენი ტაქტიკა ის იყო, რომ სამხრეთული სტილით ვთამაშობდით. ბურთი გადავაგდოთ წინ, გავიქცეთ და ვიბრძოლოთ – ასე რომ გვეთამაშა, დიდ გუნდებთან ვერაფერს გავაწყობდით, მაგალითად, კიევის „დინამოსთან“. ჩვენი კოზირი ტექნიკა და იმპროვიზაცია იყო, ბურთს ძალიან ვუფრთხილდებოდით და უაზროდ არ ვკარგავდით. ასეთ „დინამოს“ შეეძლო „ჰამბურგის“ დამარცხება, მაგრამ გადაღლამ დაგვაღალატა…

11.05.2004