რაღაც წვიმები მოგვეძალა. გასაკვირიც არაა – შემოდგომა მოვიდა. თანაც, წვიმა ჩვენს სტადიონზე კარგად დაცდილი რამ არის, ხომ გახსოვთ, „ლივერპულიც“ წვიმაში გავაცურეთ. ეს ამბავი ზუსტად ჩვიდმეტი წლის წინათ იყო.

აჰ, ნეტავ იმ დროებას – ყიფიანმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა, გუცაევი კი ბურთიანად შევარდა კარში. მერე ჭილაიამ გადაიარა მოედანი და კიდევ ათასი რამ. დიახ, ძალიან წვიმდა, მაგრამ საამაყო დროება კი იყო.

ეს ლივერპულის დროინდელი წვიმაც ყველაზე სამახსოვრო და ლამაზი, ალბათ არასოდეს იქნება დავიწყებული. მაგრამ მოდით, ნურასოდეს დავივიწყებთ მოსკოვურ წუმპესაც.

რატომო, იკითხავს ვინმე სკეპტიკოსი, რომელიც დაჩვევია ჩვენი ფეხბურთის დაბალ დონეზე მსჯელობას. ვითომ ეს მოსკოვის „ტორპედო“ რა გაგვიხდა ისეთიო – ერთი ჩვეულებრივი, ნაკლებადსიმპათიური და ნაკლებადდაზეთილი რუსული გუნდიაო.

დიახაც ასეა. მაგრამ მე კარგად მახსოვს, როგორ გაუჭირდებოდა ხოლმე წარსულის „დინამოს“ მოსკოვის „ტორპედოსთან“. რამდენი დასანანი მარცხი განგვიცდია და რამდენი ფეხი მოუტეხიათ ჩვენთვის ივანოვის მწვრთნელობის ეპოქაში.

ბარე ოცი წელი იქნება (მცირე შესვენებით), რაც ივანოვი „ტორპედოს“ მწვრთნელია და ეს გუნდი სულ ისე თამაშობს – რაღაცნაირად ღვლარჭნილ ფეხბურთსო, იტყვიან მავანნი. დიახაც ასეა, მაგრამ მე პირადად ვერ ვიხსენებ, უკანასკნელად როდის მოუგო „დინამომ“ მოსკოვის გუნდს მოსკოვში. და ჰა, მოხდა ეს ამბავი თეთრმეტი დღის წინათ. მთავარი აქ „ტორპედოს“ დამარცხება კი არ არის, არამედ ის, რომ იმ წუმპესა და ტალახში ჩვენებმა აჩვენეს ის, რასაც საფეხბურთო განათლებას უწოდებენ. ამის ნიშნები „მოლდესთანაც“ იყო, მაგრამ მოსკოვში კარგად გამოჩნდა, რომ თუ ჩვენს ფეხბურთელებს წესიერად მოამზადებ, თუ მათ ექნებათ საერთაშორისო დონის სავარჯიშო პროცესი, დინამოელებს ბევრი რამ შეეძლებათ. თვით ფეხბურთელები აღმოაჩენენ საკუთარ თავში ისეთ თვისებებს, რომელთა არსებობის შესახებაც ადრე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ამას დაუმატეთ მოხერხებული ტაქტიკა და მყარი ფსიქოლოგია – სხვა რა არის კარგი გუნდი?

რუს კომენტატორს უკვირდა – დახეთ, რა ძალისმიერად თამაშობენ თბილისელებიო. თანაც, წამდაუწუმ იძახდა, ნახეთ, აი, ეხლა დაიღლებიანო. კომენტატორი ქართული ფეხბურთის სტერეოტიპებით მსჯელობდა, „მატაობა“, „ბალერინობა“ და სუსტი ფიზიკური მომზადება მიაჩნდა ჩვენს მთავარ თვისებად. ეგებ არ იცოდა, რომ ფეხბურთი გამოიცვალა და მხოლოდ ეროვნული თვისებებით ინგლისიც კი გამასხრდა და ჩვენზე რაღას იტყოდნენ?

დიახ, არც დაიღალენ, იომეს და ტექნიკაც აჩვენას, თანაც ტალახში. მე თუ მკითხავთ, ბოლო ხუთ წელიწადში თბილისის „დინამოს“ ასე კარგად არ უთამაშია.

ასე მგონია, რომ „ტორპედოსთან“ მოგება შემობრუნების მომენტი უნდა გახდეს ჩვენებისთვის. ეს უნდა იყოს ერთგვარი ღირსეული დაბრუნება ევროპულ ფეხბურთში.

სამად სამი დღე რჩება საპასუხო მატჩამდე და თუ „დინამო“ ისეთივე შეუვალი იქნება, როგორც იმ დატბორილ სტადიონზე, ქომაგებს და გუნდის თავკაცებსაც ბევრი რამ ექნებათ სასიხარულო.

უბრალოდ, ჩვენ უნდა მივიდეთ სტადიონზე და ვუყუროთ „დინამოს“ დაბრუნებას.

წვიმის არ უნდა გვეშინოდეს – წვიმა ჩვენია.

პრინციპში, არც რუსების უნდა გვეშინოდეს, რუსული საკლუბო ფეხბურთი ის ხვითოა, გასართობად მოთამაშე „გლაზგო რეინჯერსთან“ რომ ისპობა ხოლმე.

„სპორტ-ექსპრესის“ კითხვამ შესაძლოა გაფიქრებინოს, რომ რუსეთს დიდი ფეხბურთი აქვს, მაგრამ იმათმა კომენტატორებმა რაც არ უნდა იყვირონ, ზამერის გოლი არ ითვლებაო, გოლი მაინც ითვლება და ამან არ უნდა მოგვატყუოს.

და ბოლოს ლოზუნგიც:

წინ, ევროპისაკენ! თუნდაც ავტოქარხნის გავლით.

„დინამო“ „დინამო“!

21.09.1996

 

წილი
წინა სტატიაორი ნაბიჯი ფედერერამდე
შემდეგი სტატიამანფრედ კალცი – ჰამბურგული გლუკონატი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.