“ბონჯორნო, გენაცვალე” – მყუდრო რესტორანია კრასნოდარში, როგორც იქაურები ამბობენ, ქართული რესტორანი იტალიური აქცენტით. ეს ის ადგილია, სადაც მშობლიურ გარემოს იქმნის კრასნოდარის და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი.
“ოქრი” ახლაც “გენაცვალეშია” ქართველ მეგობრებთან ერთად და ცოტა ხანში ტელევიზორით მოუწევს “კრასნოდარის” საევროპალიგო გასვლითი მატჩის ყურება ბელგიურ “სტანდარდტთან”. სამწუხაროდ, სტანდარტული ვითარებაა – ოქრიაშვილი კვლავაც ტრავმირებულია და ამიტომაც ვერ გაჰყვა გუნდს ლიეჟში.
– არ მიყვარს ინტერვიუს მიცემა, თითქმის ყოველდღე რამდენჯერმე მიწევს ჟურნალისტებისთვის უარის თქმა, მაგრამ “სარბიელი” ბავშვობიდან მიყვარს…
– სამწუხაროდ ისევ ტრავმირებული ხარ. ამჯერად რამდენი ხნით და რამდენად სერიოზულია ტრავმა?
– ფეხის კუნთის ქვედა მხარეს კაპილარები გამისკდა. ორი კვირა მკურნალობას უნდა, ერთიც -აღდგენით პროცედურებს.
– ასე ხშირად რატომ ტრავმიანობ, იქნებ ეს არასათანადო მკურნალობის შედეგია, ან…
– ან ჩემი დაუდევრობის და მენტალიტეტს ხომ?..
-აღდგენით პროცესს ვგულისხმობ, რომლის ეფექტურად წარმართვაც ძალზედ მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის…
– კლუბში სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან მკაცრი და საკმაოდ კვალიფიციურია. თითოეულ ნიუანსს აქცევენ ყურადღებას. სხვათა შორის, აქ ას გრამზეც დიდი ჯარიმებია. წონას ვგულისხმობ. დილიდანვე დაგყვება სპეციალისტი და გეგმისამებრ წარმართავს პროცესს…
– დაუდევრობა და მენტალიტეტი ახსენე…
– ბევრი ამბობს, რომ პრობლემა ჩემშია, რომ რეჟიმისტი არ ვარ, მაგრამ დამიჯერე, ასე არაა, ამდენი უიღბლობის ფონზე, ფსიქოლოგიურადაც არ გავმტყდარვარ. ვიცი, რომ ძლიერი ვარ, ნებისმიერ პრობლემაზე მაღლა დავდგები და ყოველთვის მოტივირებული დავბრუნდები
– დაბრუნებები კი მართლაც შთამბეჭდავი გჩვევია. შენი გოლებით იმარჯვა ნაკრებმაც და კლუბმაც…
– საოცარი განცდაა, როცა შენ საყვარელ საქმეს აკეთებ და აკეთებ შედეგიანად.
– შედეგიანად და სანახაობრივადაც, ტრავმის არ იყოს, ოქრიაშვილს ეფექტური გოლებიც სჩვევია. სევილიასთან გადამწყვეტ, ზღაპრული სილამაზის გოლს დიდი რეზონანსი მოჰყვა…
– საერთოდ არ მახსოვს გოლის მომენტი, მიუხედავად იმისა რომ დიდხანს ვემზადებოდი გასატანად. ვიცოდი რომ ყველაფერი ისე უნდა გამეკეთებინა, როგორც გავაკეთე, მაგრამ მომხდარი სრულად მაშინ აღვიქვი, როცა სევილიელები ბურთის თამაშში შემოსატანად მოედნის ცენტრში დავინახე…
– იქამდე კი სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შეშვებას ითხოვდი…
– ვყვიროდი, გიჟივით ვყვიროდი-მათამაშეთ, შემიშვით მოედანზე!.. 84 ე წუთზე შემიყვანა ფომენკომ, ოთხ წუთში კი ის გოლი იყო…
– გასახდელში ხმაურიანი დახვედრა მოგიწყვეს თანაგუნდელებმა…
– ამას უკვე მიჩვეული ვარ. “ზენიტთან” გატანილი “მაკრატელას” შემდეგ ისე დამხვდნენ ბიჭები, ლამის გასახდელი დაიმხეს თავზე. აი, მაშინ მართლა დიდი ეფექტი მოახდინა ყოველივემ.
– ბედნიერი ხარ კრასნოდარში?
– ახლა სხვაგვარადაა სიტუაცია. ვგრძნობ, მწვრთნელი მენდობა და ეს უზომოდ მახარებს. ვიცი რომ შანსი მომეცემა, მე კი ვიცი შანსების გამოყენება, მთავარია ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი. მნიშვნელოვანია ის, რომ კონტრაქტი 2020 წლამდე მაქვს და რამდენადაც გავიგე, უახლოეს პერიოდში მის გახანგრძლივებაზეც იქნება საუბარი.
-ამ სეზონში რა მიზნები აქვს “კრასნოდარს”?
-არანაირი ხუთეულ-ოთხეული, როგორც აქამდე იყო, მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური. ესაა ჩვენი მიზანი და იმედი მაქვს ამასაც მივაღწევთ.
– ვინ არის თორნიკე ოქრიაშვილის საუკეთესი პარტნიორი მოედანზე?
– კლუბში იური გაზინსკი. კარგი მეგობრები ვართ, მოედანზე კი ყოველთვის ცდილობს იქ ჩამიგდოს ბურთი, სადაც ვარ, ან ერთ-ორ წამში გავჩნდები. კომფორტულია მის გვერდით თამაში. ნაკრებში კი ასეთები ანანიძე და ყაზაიშვილი არიან
– ნაკრებზეც ვთქვათ. არნახული ვითარებაა – ევროპის ჩენპიონატთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ…
– დიახ, ეს ფაქტია და ძალიან სასიამოვნო ფაქტი. ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის. ვინ უნდა გაგვიწიოს წინააღმდეგობა? სომხეთმა, ბელარუსმა, თუ მოლდოვამ? ობიექტურად, ჩვენ მათზე ძლიერები ვართ…
– მაკედონია გამოგრჩა…
– თუნდაც მაკედონია. ჩვენი შეჩერება ძალიან ძნელია. შეხედეთ რა ფეხბურთს ვთამაშობთ-გააზრებულს, აგრესიულს, ამავ დროს სანახაობრივს, გოლსაც კი არ ვუშვებთ. ეს ყველაფერი ერთ-ორ დღეში არ მოსულა. უდიდესი სამუშაო გასწია ვაისმა, შეუდარებელნი არიან ბიჭებიც, შედეგად დიდი შრომა და გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს.
– და ის ათასობით ქომაგი, სტადიონს რომ დაუბრუნდა…
-უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს. დამიჯერე, არაფერია ფეხბურთი მათ გარეშე. მე მათთვის ვთამაშობ და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს გულშემატკივრის გახარება.
– ძალზედ პოპულარული ხარ მოზარდებში, ბევრ მათგანს ფეხბურთელობა სურს და მათთვის სამაგალითო ხარ. რას ურჩევ მათ, რაში მოგბაძონ და რაში – არა?
– ახლა რომ ვუფიქრდები, ბევრი რამ დამაკარგვინა სიჯიუტემ. ყველას ვურჩევ, სიჯიუტე გვერდზე გადადონ და უფრო დამთმობები იყვნენ. ეს ცხოვრებაშიც სასარგებლოა და მოედანზეც. სხვა მხრივ კი, ვისაც უნდა რომ მომბაძოს, ვეტყვი რომ, არასდროს დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლონ მიზნის მისაღწევად.