„სანის” ინფორმაციით ევროპის დიდი კლუბები ფეხბურთელების ხელფასებთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მათ სურთ, რომ ჯამაგირების ზრდა უკონტროლო პროცესად არ გადაიქცეს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მოვლენები კვლავაც ასე განვითარდა, დღეს და ხვალ თუ არა, მომავალში საკუთრივ ფეხბურთი დაზარალდება.

ბოლო ორი-სამი თვეა რაც პრემიერლიგის კლუბებმა „ახალი რეალობის” აუცილებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. არონ რემსიმ მოულოდნელად შეიტყო, რომ „არსენალმა” უკან წაიღო თავისი წინადადება კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით და დაბნეულია, რა ხდება ვერ გამიგიაო.

„მანჩესტერ სიტიმ” რაჰიმ სტერლინგს გამოუცხადა, რომ ხელფასს კვირაში 100 ათას გირვანქამდე არავითარ შემთხვევაში არ გაუზრდის.

ქალაქის მეორე ბოლოში „იუნაიტედმა” დავიდ დე ხეას უთხრა, რომ უმალ გაყიდის მას, ვიდრე იმ ხელფასს დაუნიშნავს, რომელსაც ითხოვს. ეს, სხვათა შორის, თავად ჟოზე მოურინიუმ მოჰყვა.

ამბობენ, რომ ლა მანშს გადაღმა, ევროპის მსხვილმა კლუბებმა მოილაპარაკეს არ დაიწყონ იმ ფეხბურთელების თავიანთი შეთავაზებებით გათამამება, რომლებიც ცდილობენ სხვაგან გადასვლის მუქარით ახლანდელ კლუბებს ხელფასები გააზრდევინონ. ერთ-ერთი დიდი კლუბის წარმომადგენელმა „სანის” ჟურნალისტს უთხრა:

„ხელფასი, რომელსაც ზოგიერთი ფეხბურთელი და მათი აგენტი ითხოვს, არანაირ ჩარჩოებში აღარ ეტევა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დროა ზედა ზღვარი დაითქვას”.

ბოლო წლებში სატელევიზიო შემოსავლების მატების მიუხედავად პრემიერლიგის კლუბები სიმტკიცეს იჩენენ და ჯამაგირების ზრდას შედარებით ლაგამი ამოსდეს — 2017 წელს ხელფასი შემოსავლის 55% იყო. ასეთი დაბალი მაჩვენებელი კი ინგლისში ბოლო 20 წელიწადია არ ყოფილა.

 

წილი
წინა სტატიაკონტე 9,5 მილიონზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...