„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მეორედ ჩავიდა „ოლდ ტრეფორდზე”, ამჯერად ახალი გუნდის შემადგენლობაში და კვლავ გაიმარჯვა. პლუს, მან სელფი გადაიღო ახალგაზრდა ფანთან, რომელიც მოედანზე შევარდა.
ფანი ისე იყო ეგზალტირებული, რომ „სტრეტფორდ ენდიდან” პორტუგალიელამდე მიირბინა, სადაც სკაუტებმა იხელთეს. რონალდო ახალგაზრდასთან მივიდა, ორიოდ მეგობრული სიტყვა უთხრა და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სელფი გადაიღო. შემდეგ გულშემატკივარი დაცვამ გაიყვანა.
პაულო დიბალამ კი მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. „იუვენტუსმა” გაიმარჯვა. „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად წააგო.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული პრესის აზრით ანგარიში კარგად ვერ ასახავს იმ უპირატესობას, რომელიც „სკუდეტოს” ზედიზედ შვიდჯერ მომგებ ტურინელებს ჰქონდათ. ინგლისელი მიმომხილველები უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მასპინძელთა შეტევები სტუმრების ურყევ დაცვას აწყდებოდა და „ბებერი ქალბატონის” კართან სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.
მატჩის ბოლოს, ისევე როგორც შაბათს, „ჩელსისთან” თამაშის მერე, მანჩესტერელთა მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს მეტოქის გულშემატკივერებისთვის სამი თითის ჩვენება მოუხდა. „ჩელსის” შემთხვევაში ეს იმას ნიშნავდა, მე თქვენს გუნდს რომ ვხელმძღვანელობდი ინგლისის ჩემპიონობა სამჯერ მოვაგებინეო, ამჯერად კი ასე გაშიფრეს — მე რომ თქვენთან, იტალიაში ვმუშაობდი და „ინტერს” ვედექი სათავეში, ორ სეზონში სამი ტიტული ავღმართეო. კარგად თუ გადავამოწმებთ, „განსაკუთრებულმა” „ინტერს” მეტი ტიტული მოაგებინა: ორჯერ „სკუდეტო”, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ იტალიის თასი და ერთხელაც სუპერთასი, მაგრამ მწვრთნელს ამ ხუთიდან ორი როგორც ჩანს დიდ რამედ არ მიაჩნია. ტურინელები ტიფოზები პორტუგალიელს სამი თითის პასუხად შუა თითს აჩვენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს „ოლდ ტრეფორდის” მოედანსა და საპრესკონფერენციო დარბაზთან კიდევ იყო შევარდნის მცდელობები.