ინგლისში წერენ, მაურიციო სარიმ შეიძლება „ჩელსის” გულშემატკივართა რისხვა მოიმკას, რადგან ჟოზე მოურინიუზე თქვა, მეტ პატივისცემას იმსახურებსო. შაბათს, მას მერე, რაც „სტემფორდ ბრიჯზე” დასავლეთ ლონდონელებმა „მანჩესტერ იუნაიტედთან” დრამატული 2:2 ითამაშეს „ჩელსის” ფანები ტრიბუნებიდან მოურინიუს ლანძღავდნენ, ხოლო ის მათ სამ თითს აჩვენებდა — მე აქ, თქვენთვის, უმადურებისთვის, სამი ტიტული მაქვს მოგებულიო.

უკან არც „ლურჯების” ახლანდელმა თავკაცმა დაიხია. მან თქვა, რომ ჟოზეს მიმართ ასეთი მოპყრობა სამართლიანი და ნორმალური არ არის.

„დიახ, მოურინიუს აქ ტიტულები აქვს მოგებული და ვფიქრობ ის მართლაც მეტ პატივისცემას იმსახურებს. ისევე, როგორც პატივისცემას იმსახურებენ ყველანი, ვისაც „ჩელსის” წარმატებებში წვლილი მიუძღვით”, — თქვა იტალიელმა.

ვინც „ჩელსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩის ბოლო წუთები ნახა, ეცოდინება, რომ ბოლოწამს სტუმრები 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა გაათანაბრეს, რასაც მოედნის კიდესთან გაქაჩვა მოჰყვა. მოურინიუს ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო პორტუგალიელი საცემად გამოეკიდა. ეს ვიღაც „ჩელსის” მწვრთნელი მარკო იანი ყოფილა, რომლის საქციელის გამო სარიმ ბოდიში მოიხადა.

იანი, რომელიც ეტყობა ემოციური იტალიელია, თავად „ჩელსიმ” უკვე დააჯარიმა და დიდი შანსია დღეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამაც დაამატოს.

მატჩის შემდეგ მოურინიუმ თქვა: „სულ ჩემზე ნუ ლაპარაკობთ. სარის ასისტენტზე ილაპარაკეთ. ნუ იმეორებთ იმას რასაც ყველა ამბობს: ეს მოურინიუ იქვევა ექსცენტრულად. თუმცა, მათ ბოდიში მოიხადეს და ყველაფერი რიგზეა”.

საინტერესოა, რომ მოუ მატჩის შემდეგაც ბობოქრობდა, შეურაცხმყოფელს „ჩელსის” გასახდელთან ელოდებოდა  და ალბათ ჩხუბს თუ არა, ერთი-ორი მკვახე სიტყვის თქმას აპირებდა, მაგრამ სარიმ მას თავისი თანამშეწე თავად მიუყვანა და ბოდიში მოახდევინა.