ლა ლიგის მე-9 ტურში „ბარსელონამ” „სევილიას” 4:2 მოუგო და 18 ქულით პირველ ადგილზე განიმტკიცა ადგილი. იმავე ტურში ქულები დაკარგეს მისმა ტრადიციულმა კონკურენტებმა, მადრიდის გუნდებმა „რეალმა” და „ატლეტიკომ” — „რეალმა” შინ წააგო „ლევანტესთან” 1:2, ხოლო „ატლეტიკომ” „ვილიარეალთან” სტუმრად ითამაშა 1:1. და ყოველივე ამის მიუხედავად „ბარსა” მაინც პრობლემების წინაშეა.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია კატალონიელების მთავარი ვარსკვლავის ლეო მესის ტრავმა. ექიმების თქმით არგენტინელმა მკურნალობას სამი კვირა უნდა მოანდომოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოტოვებს „ელ კლასიკოსა” და ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრას „ინტერთან”.

მეორე პრობლემა ის არის, რომ ყველა ფეხბურთელი ერთნაირად არ არის მომზადებული. ზოგი მათგანი შორსაა სასურველი ფორმისგან. ამის კარგი მაგალითია ოსმან დემბელე, რომელმაც „სევილიასთან” შეხვედრაში დაშავებული მესი შეცვალა, მაგრამ როგორც მიმომხილველები ამბობენ, ბურთს ძალიან ხშირად კარგავდა. აქ შეიძლება იმ ფაქტორმაც იმოქმედა, რომ არგენტინელის მაგივრად მოედანზე შესვლა ძნელი საქმეა.

მეკარე მარკ-ანდრე ტეს-შტეგენმა „სევილიას” ფეხბურთელებს ორჯერ ურთულესი ბურთები აუღო, მაგრამ მან და დაცვამ, ერთად, ორიჯერ მაინც გაუშვეს და დღეს „ბარსელონას” 9 თამაშში 11 გოლი აქვს მიღებული, რაც ამ კალიბრის გუნდისთვის ბევრია.

დაშავებულები არიან უკანახაზელები. ამიტომ ერნესტო ვალვერდე იძულებულია ნომინალური ცენტრალური მცველებიდან ჟერარდ პიკე და კლემენტ ლენგლეტი შეუწყვილოს ერთმანეთს, რომლებიც სასურველია ერთმანეთთან უკეთ იყვნენ შეთამაშებულები.

რაც შეეხება განაწყენებულებს: კარგა ხანია ცნობილია, რომ ვალვერდეს მალკომი და არტურო ვიდალი შემოსწყრნენ. მათ მიაჩნიათ, რომ  გაცილებით ხშირად ეკუთვნით თამაში. კარლეს ალენას, სერჟი სამპერს და დენის სუარესს კი მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშიათ, თუმცა მათი პრეტენზია გუნდის ხელმძღვანელობისთვის შესაძლოა მაინცდამაინც მისაღები არც იყოს, რადგან ისინი გამორჩეულ ვარსკვლავებს არ განეკუთვნებიან.

ასე რომ ზოგადად ესპანეთში ჯერჯერობით პრობლემური სეზონია.