აბელარდო ბევრს ემახსოვრება. მხიარული ფიგურა იყო 90–იან წლებში, სახასიათო გამომეტყველება ჰქონდა, „ბარსელონას“ მცველობით ნაცნობი იყო და გარეგნულადაც დასამახსოვრებელი ტიპაჟი. იმდენად დასამახსოვრებელი, რომ თბილისში, საბურთალოზე, ზოგიერთების მეტსახელიც „აბელარდო“ გახლდათ.
ხიხონში დაიბადა და გაიზარდა, ითამაშა და იქიდან მოხვდა „ბარსელონაში“, სადაც რვა წელი დაჰყო. კარიერა კი „ალავესში“ დაასრულა. იმ „ალავესში“, რომელსაც ახლა წვრთნის და ეს პატარა კლუბი მეორე ადგილზე მიჰყავს.
გუშინ, სანამ „ბარსელონა“ მოიგებდა, სულაც ლიდერი იყო. აბელარდოს გაწვრთნილებმა ორიოდე კვირის წინ „რეალსაც“ სძლიეს.
გამოდის, რომ აბელარდო კარგ მწვრთნელად ყალიბდება. საერთოდ, კარგი სახელი აქვს ესპანეთში. არ გამოგვრჩეს, რამდენიმე წლის წინ „ხიხონიც“ მან დააბრუნა ლა ლიგაში… მერე კი, ალბათ, ამბიციები მოეძალება და დიდ კლუბში მოუნდება. როგორც ფეხბურთელობისას მოხდა.