მაურიციო სარი ამბობს, რომ პრემიერლიგის გუნდებს შორის საუკეთესო შემადგენლობა „მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავს. დღეს, ჟოზე მოურინიუს სარის ნაქები ფეხბურთელები „სტემფორდ ბრიჯზე” მიჰყავს — მე-9 ტურის წინ „იუნაიტედი” „ჩელსის” 7 ქულით ჩამორჩება.
ჩამორჩენის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. დასავლეთ ლონდონელთა თავკაცი როგორც ხედავთ მიიჩნევს, რომ ფეხბურთელების დონე აქ არაფერ შუაშია. პირიქით, იტალიელს სწამს, რომ თუკი მოთამაშეების ამპლუების მიხედვით ჩამოთვლას დავიწყებთ დავრწმუნდებით, რომ უძლიერესი შემადგენლობა სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედშია”. სხვა საქმეა, წარმოადგენენ თუ არა მოურინიუ და მისი ვარსკვლავები პრემეირლიგის საუკეთესო გუნდს.
სარიმ თქვა: „ისინი ძალიან ძლიერები არიან. მოთამაშეებს თუ გამოვყვებით, ალბათ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ პრემიერლიგაში ყველას „მანჩესტერ იუნაიტედი” ჯობია. მართალია, ვფიქრობ რომ როგორც გუნდი „მანჩესტერ სიტი” უფრო ძლიერია, მაგრამ საუკეთესო შემადგენლობა „იუნაიტედს” ჰყავს. ამიტომაც, არ ვიცი რას იზამს დღეს ჩვენი მეტოქე, დაცვაში ჩაგვიდგება თუ შეეცდება თავისი ფეხბურთი მოგვახვიოს თავს”.
შემდეგ სარიმ „იუნაიტედის” ჩამორჩენაზე ილაპარაკა :
„ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ რვა ტურზე ვლაპარაკობთ. „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავად გამოდის და რასაკვირველია პრემიერლიგაშიც შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება. ჩემპიონატის დაწყებიდან ჯერ სულ ორი თვეა გასული”.