„ჩელსის” ალვარო მორატას შეცვლა სურს. ის „მილანის” პატრიკ კუტრონესა და „ინტერის” მაურო იკარდის უსინჯავს ნიადაგს. „სანმა” დასავლეთ ლონდონელთა ბანაკში შეიტყო, რომ კლუბს მოთმინების ფიალა აევსო — მორატას გაყიდვა და იანვარში მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელის მოყვანა უნდა.
ამბობენ, რომ „ლურჯების” სიაში პირველი იკარდი წერია, მაგრამ თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაშინ მათ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” კუტრონეს გამო მოუწევთ ვაჭრობა. რაც შეეხება მორატას შეგახსენებთ, რომ ესპანელი „სტემფორდ ბრიჯზე” 2017 წელს 65 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა კლუბთან შეწყობა. „რეალიდან” ჩივილით გამოქცეულმა ვერც „ჩელსის” ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი. არადა ლონდონელებმა თავდამსხმელი სეზონში 20 გოლის იმედად იყიდეს და ერთიხანობა ყველანაირად უწყობდნენ ხელს თავი რომ გამოეჩინა.
მიმდინარე სეზონში, მაურიციო სარის ხელმძღვანელობით „ჩელსი” პრემიერლიგის მოგების რეალური კანდიდატია და ლოგიკურია, რომ კლუბის ხელმძღვანელებს თავის დაზღვევა და პოზიციების გამყარება მოუნდათ.
კუტრონე იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ში 30 თამაშზე ნაკლები აქვს ჩატარებული, „მანჩესტერ სიტისთან” და „ლივერპულთან” ერთად 20 ქულით გალიდერებულ „ჩელსის” ის 25 მილიონი გირვანქა დაუჯდება. ევროებში ეს 28,41 მილიონს უდრის.
20 წლის თავდამსხმელი ტრადიციულ ცენტრფორვარდად ანუ 9 ნომრად თამაშობს და სერია A-ში 11 გოლი აქვს გატანილი. მან იტალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და წლეულს, მარტში, არგენტინის წინააღმდეგ დიდ „სკუადრა აძურაშიც” ჰქონდა დებიუტი.
25 წლის იკარდის ყიდვა, რომელსაც იტალიის უმაღლეს ლიგაში 114 გოლი აქვს გატანილი, რასაკვირველია „ჩელსისთვის” ნაკლებად სარისკო, მაგრამ მეტად ძვირია.