ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი დაემატა – 16 ოქტომბერი. ამ დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთა D ლიგის პირველ ჯგუფში სტუმრად ლატვიის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
თანაც, ერთი ლიგით მაღლა აინაცვლა და მომავალ გათამაშებაში უკვე C ლიგაში იასპარეზებს, სადაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები ეყოლება. მაგალითად: სერბეთი, შოტლანდია, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი…
მაგრამ, ჯერ მიმდინარე ამბებზე ვთქვათ. უეფას რეგლამენტით B, C და D ჯგუფების გამარჯვებულები ერთი ლიგით მაღლა აინაცვლებენ და შესაბამისად A, B და C ჯგუფების მებოლოვეები ერთი რანგით დაქვეითდებიან.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ნოემბერში დამთავრდება. ჩვენები 15 ნოემბერს ანდორას ესტუმრებიან, 19-ში კი ყაზახეთს დაუხვდებიან. ფლეი ოფის მატჩები კი უკვე 2020 წლის მარტში ჩატარდება.
რატომ ასე გვიან? იმიტომ, რომ 2019 წლის მარტიდან ნოემბრამდე ჩვეულებრივი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩატარდება. ამჯერად ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 20 გუნდი შესარჩევიდან მოხვდება. ათი საკვალიფიკაციო ჯგუფიდან (ხუთი ხუთგუნდა და ხუთი ექვსგუნდა ჯგუფი) პირველ-მეორე ადგილებზე გასულები პირდაპირ მიიღებენ ფინალური ეტაპის საგზურს, ოთხიც ერთა ლიგიდან დაემატებათ.
გუდებს, რომლებიც უშუალოდ შესარჩევიდან მოიპოვებენ ევროჩემპიონატის საგზურს, ფლეი ოფში სხვა მაღალრეიტინგიანი მონაწილეები შეცვლიან ლიგიდან.
როგორც ვთქვით, 2020 წლის მარტში ფლეი ოფები გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები თითომატჩიან ნახევარფინალებსა და ფინალს გაითამაშებენ. ჯგუფებში გამარჯვებულთაგან ორი საუკეთესო პირველადგილოსანი კი მასპინძელი იქნება. საქართველოს ნაკრებსაც, ფლეი ოფის საგზურის მოპოვებუის მიუხედავად, დარჩენილი ორი შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება მართებს. ჯერ ერთი ზოგადად რეიტინგში დაწინაურების გამო და მეორეც, ფლეი ოფში მეტოქის მასპინძლობისთვის.