გიბრალტარის ნაკრები და მთელი სტუმარი დელეგაცია მეტისმეტად ნაწყენი დარჩა, რადგან სომხეთში ერთა ლიგის თამაშის წინ, მასპინძლებმა მათი ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად სტადიონზე ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს. რასაკვირველია, სომხებმა სტუმრებს მაშინვე მოუბოდიშეს, მაგრამ გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ მაინც დაწერა ოფიციალური განცხადება, სადაც მომხდარი აღწერა და გაასაჯაროვა.
განცხადებაში წერია: „გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია დიდი გულისწყრომით აცხადებს, რომ სომხეთთან უეფას ერთა ლიგის მატჩის წინ სტადიონზე დაუკრეს ლიხტენშტაინის ჰიმნი.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარის გამო ერევანში გიბრალტარის დელეგაციის ხელმძღვანელს პირადადაც მოუბოდიშა და ბოდიში სტადიონზე საჯაროდაც მოიხადეს”.
შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა — გიბრალტარმა გაიმარჯვა 1:0. ეს ამ ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა, რადგან ერევნამდე მთელი 22 მატჩის განმავლობაში არ მოეგო.
საინტერესოა სტატისტიკაც: ბურთის ფლობა 72% გახლდათ მასპინძელთა გუნდის სასარგებლოდ, მაგრამ მთავარი უპირატესობა, ის რაც გოლებით გამოიხატება სტუმრებს ხვდათ.
სხვათა შორის, გიბრალტარელებს ლიხტენშტაინის ჰიმნის მოსმენა სამშაბათს კიდევ ერთხელ მოუწევთ: ისინი თავიანთ „ვიქტორია სთედიუმზე” სწორედ ლიხტენშტაინს მასპინძლობენ.
D ლიგის მე-4 ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 9 ქულით მაკედონია ლიდერობს. ლიხტენშტაინს, სომხეთსა და გიბრალტარს სამ-სამი ქულა აქვთ.