გერმანიამ ჰოლანდიაში 0:3 წააგო — ეს იყო ერთა ლიგის შაბათის ტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ანგარიში. ამ წაგების შედეგად A ლიგის პირველი ჯგუფის ცხრილში გერმანია 1 ქულით ბოლო ადგილზეა და თუ დავუშვებთ, რომ შეჯიბრება 19 ნოემბერს სწორედ ასე დასრულდება, გერმანელები B ლიგაში გავარდებიან. თუმცა, ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული და თეორიულად იგივე შეიძლება მოუვიდეთ 3 ქულიან ჰოლანდიელებსა და 4 ქულიან ფრანგებსაც.

გერმანელების გაშვებული სამი გოლიდან პირველი კუთხურის დროს მეკარე მანუელ ნოიერის დაბნეულ გამოსვლას მოჰყვა, მეორე და მესამე კი „ნარინჯისფერებმა” ცივსისხლიანი, ლამაზი კონტრშეტევებით გაიტანეს.

მატჩის შემდეგ, „ბუნდესნაკრების” მცველმა მატს ჰუმელსმა თქვა, რომ მას და მის თანაგუნდელებს ცუდად არ უთამაშიათ, უბრალოდ გოლები ვერ გაიტანეს:

„ყველაფერი ხელსაყრელი მომენტების ხელიდან გაშვების ბრალი იყო. ჩვენ 0:3 დავმარცხდით იმ შეხვედრაში, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა მოგვეგო. ხან ბედი არ გვწყალობდა, ხან ბურთი მიზანს აცდა, ხან ხეირიანი დარტყმა არ მოხერხდა. შედეგად, დავრჩით დათრგუნულები და 0:3 დამარცხებულები, არადა ჩვენი ბრალი არაფერი ყოფილა”.

ჰუმელსისგან განსხვავებით მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა სხვა ნიუანსიც შეამჩნია. მან თქვა:

„დღეს მხოლოდ იმიტომ არ დავმარცხებულვართ, რომ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. როდესაც ჰოლენდიელებმა პირველი გოლი გაგვიტანეს, მე დავინახე, რომ საკუთარი თავის რწმენა დაგვაკლდა. 0:1-მდე კი თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და კარგი საგოლე მომენტებიც გვქონდა. სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, რაც საკუთარი თავის რწმენაზე ნამდვილად კარგად იმოქმედებდა”.

მეკარე მანუელ ნოიერი: „თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა მოკითხოს. თამაშის წინ ყველა კარგ ფორმაში იყო და მწვრთნელს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ თამაში საჩვენოდ ჩატარდებოდა. ვარჯიშებზე ყველაფერი შესანიშნავად გამოდიოდა”.

გერმანიის ნაკრები ასეთი დიდი ანგარიშით ბოლოს 11 წლის წინ ჩეხეთთან დამარცხდა.