კაჭარავას კვიპროსში დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ დღეს, ალბათ, თავის გამოჩენის შანსი მიეცემა და უნდა გამოიყენოს. მის გარდა, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილიც იქნებიან – ორივე ძალიან ტექნიკური და მუდმივად მეტოქის კარზე მუდმივად დაგეშილი. ანდორელთა კარგად ორგანიზებულ დაცვას სწორედ მათ უნდა მოარგონ გასაღები. განაცხადში იქნება ჯანო ანანიძეც, ახლახანს რომ მოიშუშა ტრავმა და რუსეთის თასზე ითამაშა კიდეც. ვაისი მისი ფიზიკური კონდიციებით კმაყოფილია, თუმცა მისი ფუნქციონალური მზადყოფნა აფიქრებს. სავარაუდოდ, ჯანო მეორე ტაიმში გამოჩნდება მოედანზე.
შეიძლება ისე მოხდეს, ჯგუფში გამარჯვება და რანგით ზედა დივიზიონში გადასვლა ლატვიაში გავინაღდოთ, თუმცა სანამ რიგაში ჰოპლას ვიტყოდეთ, ჯერ თბილისში ანდორას გადავახტეთ. ფავორიტის როლი უნდა მოვირგოთ და მოვიგოთ!