არტურო ვიდალის გულისწყრომა „ბარსელონაში” სათამაშო დროის სიმცირესთან დაკავშირებით სულ ახალი ამბავია. ახლა მას 41 მილიონ ევროდ ნაყიდი 21 წლის ბრაზილიელი მალკომის წყენაც დაემატა.
ლა ლიგის 8 ტურში მალკომი მოედანზე სულ ორჯერ შევიდა და ჯამში იქ 25 წუთი გაატარა. კატალონიელთა ბოლო სამ ოფიციალურ შეხვედრაში კი ის საერთოდ განაცხადშიც არ იყო. მისმა მრჩეველმა ჟუნიორ მინგუელამ RAC1-თან ინტერვიუში თქვა: „მას სიტუაცია არ მოსწონს. ნებისმიერ ფეხბურთელს ამა თუ იმ გუნდთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდება. გარდა ამისა ფეხბურთელს სჭირდება თამაში, რათა თავისი შესაძლებლობები გამოამჟღავნოს. მალკომისთვის „ბარსელონაში” ასეთი შესაძლებლობა არ მიუციათ. თუ მას ათამაშებენ, ყველას დაამტკიცებს რა შეუძლია”.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ბრაზილიელის „ბარსაში” გადასვლის ისტორიას: ის „ბორდოს” ფეხბურთელი იყო, რომელსაც „რომასთან” ტრანსფერი ფაქტობრივად მოგვარებული ჰქონდა და კონტრაქტზე ხელის მოწერაღა აკლდა, მაგრამ საქმეში ბოლოწამს ესპანეთის ჩემპიონი ჩაერია და რომაელებს ფეხბურთელი წაართვა.
ღირდა თუ არა 41 მილიონის გადახდა კაცში, რომლის გამოყვანასაც ათასში ერთხელ აპირებ, ალბათ „ბარსელონას” ხელმძღვანელებმა და მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ უფრო იციან.
აი, ზემოხსენებული ვიდალი კი არ ცხრება. მან განაცხადა: „რასაკვირველია გაღიზიანებული ვარ. როგორ შეიძლება კმაყოფილი იყო, როდესაც არ გათამაშებენ? თან, ლაპარაკია ჩემზე, ფეხბურთელზე, რომელიც ყოველთვის იბრძვის და რომელსაც სულ დიდ კლუბებში აქვს ნათამაშები”.
ჩილელის პროტესტზე „ბარსელონამ” პასუხი არ დაახანა. მენეჯერმა პეპ სეგურამ ვიდალს პატივისცემის ნაკლებობაში დასდო ბრალი.