მარჩიანოს რაობა

ლა სტრაზა – მარჩიანოს მეორე ბრძოლის წინ, ერთი კარგად უნდა განვიხილოთ მარჩიანოს რაობა. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ქვეყანაში, თუკი კრივის მოყვარე ხალხი გადაწყვეტს ხოლმე ყველაზე დიდი მოკრივის დასახელებას და შვილის საკრივო ქომაგობის გზაზე დაყენებას, უეჭველად ეტყვის, ამათ შორის უპირველესი, როკი მარჩიანო იყო, წაუგებელი დიდი ჩემპიონიო.

ეს, რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ არ შეიძლება მარჩიანოს ისტორიის საუკეთესო მძიმეწონოსნად წარმოსახვა. ხუთეულში ეგებ გავაძვრინოთ კიდეც, მაგრამ საუკეთესო – არასგზით. უბრალოდ, ის უკანასკნელი დიდი თეთრი ჩემპიონი იყო. ეგებ ახალ თაობისთვის საკვირველიც იყოს, მაგრამ თავის კარიერის განმავლობაში მარჩიანოს არა ჰქონია დიადი ბრძოლა. უფრო სწორად ისეთი, რომ ორივე მხრიდან დიადი მებრძოლი მდგარიყო. მარჩიანომ ნოკაუტებით დაამარცხა ჯო ლუისი, ჯერსი ჯო უოლკოტი და ეზარდ ჩარლზი, მაგრამ მისი შარავანდედი ბევრად უფრო მკვეთრი იქნებოდა, ეს საქმე რომ ექვსი-რვა წლით ადრე მომხდარიყო. სამივე დიადი მოკრივე უკვე იშკილებიდან იყო ჩამოვარდნილი, როკი კი მაღლა მიდიოდა.

როკი მარჩიანოს შედეგი – 49 გამარჯვება 49 ბრძოლაში (აქედან 43 ნოკაუტით) დღემდე განუმეორებელ შედეგად რჩება. არჩი მურს თავის წილი (145 ნოკაუტი ჰქონდა მითვლილი), მაგრამ 8-ჯერაც დამარცხებულიყო. ამიტომ, როკის მთავარი მიღწევა მისი დაუმარცხებლობაა. მერე რა, რომ არჩი მურმა ოთხჯერ მეტი ბრძოლა ჩაატარა და ოცდარვა წელიწადს იდგა რინგზე. როკის სულ რვა წელიწადს ეკეთა ხელთათმანები.

ეს ოდნავ წუნია სიტყვები ყოველთვის საჭიროა, რადგან მათი არწარმოთქმისას გაგახსენდება მარჩიანოს ღმერთკაცობის, მისი უნიკალურობის ლეგენდა, რომელიც ყველაფერს გადაფარავს.

და მაინც, ვთქვათ როკიზე.

მისი განუმეორებლობის მთავარი საბუთი მისი მოუღლელი შეტევა იყო. ამით მოვიდა ის რინგზე. შეტევით, თავზე ხელაღებით და მოუღლელობით. ახალბედა პროფესიონალ მარჩიანოს დაცვისა ბევრი არაფერი გაეგებოდა. ხუთ წელიწადში კი ის იქცა “მსოფლიოს ყველაზე ძნელად დასარტყმელ ადამიანად”. ასე უწოდეს მას საკრივო მწერლებმა. მათვე შეარქვეს მეტსახელი “როკ”, რაც კლდეს ნიშნავს და რაც ძალიან უხდებოდა. ხუთ წელიწადში როკი საოცარი მოწაფე იყო. მას ვერასოდეს შევადარებთ საუკეთესო წლების ჯო ლუისს, ან კიდევ მუჰამედ ალის, მაგრამ ის პირველია იმათ შორის, ვინც კრივში გულუბრყვილო მოსწავლედ მოვიდა და მრისხანე ჩემპიონობამდე აღზევდა. ის პირველია მოსწავლეთა შორის. ასეთი ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლე მძიმე წონას აღარა ჰყოლია.

როკი მარჩიანო, მეტსახელად კლდე, სულერთიანად იყო შემოქმედება დიადი და საოცარი მწვრთნელისა ჩარლი გოლდმენისა, რომელმაც ახედ-დახედა გვაჯ, ფართომხრებიან და მძიმეწონოსანთა შორის ალბათ ყველაზე მოკლემკლავა ჩემპიონს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ჩემპიონი და თხუთმეტიოდ ბრძოლა გადაეხადა დაუმარცხებლად.

ახლა კი, მოკლედ, ადგილის დაზოგვის მიზნით, ჩამოვთვალოთ, რა ასწავლა გოლდმენმა მარჩიანოს: მან ასწავლა ტანდაბალ როკის როგორ ჩაეყვინთა მასზე მაღალ მოწინააღმდეგეთა ჰუკებს ქვეშ და საპასუხოდ დაერტყა. მან ასწავლა აგრეთვე მაღალი კლასის ჰუკი და მარჯვენა აპერკოტი, რამაც როკის მარჯვენა (თანდაყოლილ კროსთან ერთად) საშინელი ძალის იარაღად აქცია. მან სწორი მიმართულება უჩვენა მარიჩიანოს დიდ ძალას, სისწრაფე შემატა ამ ისედაც თავგადავიწყებით შემტევ მკლავებს.

მარჩიანო გამუდმებით მუშტებს იქნევდა და ბევრსაც აცდენდა, მაგრამ მისი ყოველი მოქნევა სანოკაუტო, ან თითქმის სანოკაუტო იყო. ეს გახლდათ მარჩიანოს, როგორც საკრივო ნიჭის უდიდესი უპირატესობა. გოლდმენმა როკის ბაჯბაჯა, ღონიერ და დაკუნთულ ფეხებს სიმსუბუქე შესძინა. შეასწავლა როკის, რომ ყოველი ბრძოლა სხვადასხვაა, შეგიძლია შენს სტილს უერთგულო, მაგრამ ყოველ მოწინააღმდეგეს განსაკუთრებული ტაქტიკით უნდა შეება.

ეს ყველაფერი ერთად შეიკრიბა და მივიღეთ გრანიტის ლოდი.

საიდან მოჰქონდა როკის ასეთი ძალა?

ამბობენ, რომ ფეხებიდან. ეს იყო მძიმეწონოსანი, რომელიც უმტკიცესად იდგა ფეხებზე. ეს იყო მძიმეწონოსანი, რომელსაც ჯო ლუისის და ჯეკ დემპსის დარად შეეძლო მთელი თავისი სხეულის ძალა ჩაექსოვა დარტყმაში.

და ასეთ ფორმაში მყოფ კაცთან შერკინებას დათანხმდა როლანდ ლა სტრაზა, როკის მენეჯერთა მიერ დიდ რინგს მოწყვეტილი მებრძოლი.

პოლო გრაუნდი

ნიუ იორკის პოლო გრაუნდის ფიცარნაგზე რომ გავიდა, როლ ლა სტრაზა არ ფიქრობდა გამარჯვებაზე. ის არ იყო ისეთი მოკრივე, გამარჯვებისთვის რომ სიძულვილით აენთება. ის ფიქრობდა, რომ დაემტკიცებინა, არსებობს იარაღი, რომელიც კრივში საუცხოოდ მოიხმარება. ეს არის სპორტული ინტელექტი. ამასაც რომ შევეშვათ, ლა სტრაზა საუცხოოდ მომზადებულიყო, ერთადერთი სუსტი ადგილი მისთვის იდაყვები იყო, ხელის ხშირი მოხრა და გაშლა (ეს კი კრივის მთავარი მახასიათებელია) ლა სტრაზას ძველ ავადმყოფობას ახსენებდა.

მარჩიანოსა და მისი შტაბისთვის სანერვიულო შეიქნა პირველი ხუთი რაუნდი, ლა სტრაზამ, ბრძენმა პოზიციურმა მებრძოლმა საუცხოო დაცვა და მოხდენილი დარტყმები უჩვენა ხალხს. როკის, ყველაზე ძნელად მუშტმოსახვედრ კაცს ხვდებოდა. ამდენს ლა სტრაზა ვერ გაუძლებდა. აბა რა მისი ბრალი იყო, რომ ღმერთს არ მოემადლებინა მისთვის “ქეიო ფანჩი”, ანუ სანაკაუტო დარტყმის უნარი?

ლა სტრაზა იგებდა. როკის გასაჭირზე კი ისიც მეტყველებს, რომ ხუთ რაუნდში ხუთჯერ მოიქნია უღირსად, ის ხუთჯერვე გააფრთხილა რეფერი რაბი გოლდსტეინმა.

დაიბადებოდა ახალი ჩემპიონი?

ორმოცდაოთხ ბრძოლაში წაუგებელ მარჩიანოს, ორმოცდამეხუთე ბრძოლაში გვარიანი განსაცდელი შეყროდა. მაგრამ გრანიტის კაცი არ იყო ერთი ვინმე უბრალო ვარსკვლავი თავის დროისა. ჩარლი გოლდმენიც არ გახლდათ ის კაცი, განსაცდელისთვის გასაღები რომ ვერ მოერგო.

“როკ, მკლავებში ურტყი, მკლავებში ურტყი, კუნთები ერთიანად დაუბეჟე”, – ასეთი იყო გოლდმენის ერთადერთი დარიგება შესვენებისას.

მეცხრე რაუნდისთვის გაირკვა, რომ ლა სტრაზას ხელები მოექანცა, როკიმ კი ფრთა გაშალა და ჩვეული წესით ამუშავდა. როლანდი მაინც მტკიცედ იდგა, თავი ღირსეულად ეჭირა, თუმცაღა ძველი მზადყოფნა აღარ ეტყობოდა, ხელის მოქნევის უნარი დაქვეითებოდა.

როლ ლა სტრაზა დღეს: “მერე ბევრს ამბობდნენ, როკიმ ბიცეპსები დაუბეჟა და განაიარაღაო. საქმე გოლდმენის მიგნებაში კი არა, ჩემს იდაყვებში, იდაყვის სახსრების სისუსტეში იყო. ამას როკის დარტყმებიც დაერთო”.

მეათე რაუნდის შუისთვის მარჩიანოს უკვე ხელთ ეპყრა ორთაბრძოლის საჭე. მეთერთმეტეს დასაწყისში მან ისეთი საშინელი ძალით სთხლიშა ნიკაპში ლა სტრაზას, რომ თოკებთან ჩაკეცა, ლა სტრაზა “ხუთ” დათვლაზე წამოდგა. ბრძოლა სრულ ერთ წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ გოლდსტეინმა გადაწყვიტა, რომ პრეტენდენტი უსუსურად ირჯება და ბრძოლა შეწყვიტა. როკი ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვებულად გამოაცხადა.

ასე დამთავრდა და ამის შემდეგ ისინი აღარ შეხვედრიან: როკი და კაცი, რომელიც ებრძოდა როკის.

მათ ბრძოლებში არ იყო სიდიადე, ასეთი ასობით ყოფილა. მაგრამ, კაცი, რომელიც ყველაზე ღირსეულად ებრძოდა როკის, დაუვიწყარი დარჩა კრივის ისტორიაში.

როლანდ ლა სტრაზამ გამორჩეულად იბრძოლა და ორივე შეხლაში გამარჯვებაც შეეძლო.

მას არ გაუმეორებია ჯო ლუისის სიტყვები, როკის რომ ვურტყამდი, აქეთ მტკიოდაო.

მოგონება

როლანდ ლა სტრააზს მიაჩნია, რომ რინგზეც და მის გარეთაც ღირსეული და საინტერესო ცხოვრება განვლო. ოცდაათ წელიწადი შესრულდება, აღარ არის ცოცხალი კლდე-კაცი – როკი მარჩიანო კატასტროფას ემსხვერპლა.

ლა სტრაზა კი იხსენებს, ჰყვება იმას, რაც ყველაზე ძვირფასია მის მოგონებათა შორის. ჰყვება მშვიდად, მართლად, ბრაზის გარეშე:

“იცი, ძმობილო, განსხვავება პირველი ბრძოლის როკისა და მეორე ბროლის როკის შორის ფანტასტიკური, დაუჯერებელი იყო. მეორედ, მისთვის მუშტის მორტყმა ძალიან ძნელი გამოდგა. მე არასოდეს შევხვედრივარ ასეთ თავზეხელაღებულ მოკრივეს. ასეთი ძალითაც არავისთვის დამიკრავს. არც ასეთი მონდომებით. მას წარმოუდგენელი ჯანი ჰქონდა. ის წარმოუდგენლად ამტანი იყო. რინგზე დილამდე გაძლებდა. მასში ჩემპიონის სული ბობოქრობდა.

და იცი? ის საუცხოო ბიჭი იყო და პირველი ბროლის შემდეგ ჩვენ დავმეგობრდით. ადრე ისე სახავდნენ საქმეს, თითქოს მტრები ვიყავით. მისი მენეჯერი დიდად არ მეხატებოდა გულზე, მან როკი დამიმალა, მაგრამ თავად როკი? მას საერთოდ არ ჰყავდა მტრები. ჩვენს მტრობაზე რომ ლაპარაკობენ, იხსენებენ, თითქოს მეთქვას, როკი მუშტებს უაზროდ იქნევსო. ეს მართლაც ვთქვი, მაგრამ ყველაფერი შეთანხმებული იყო. ჩვენ ბრძოლისადმი ინტერესი უნდა გაგვეღვივებინა. მაშინ ასეთი რამეები არ ხდებოდა და მედიამ ვერ გაგვიგო. როკი კი ხითხითებდა. წიგნებსა და სტატიებში ისეა აღწერილი საქმე, თითქოს როკიმ იმდენი მირტყა, რომ თავი გამომილაყა. ასე არ ყოფილა, ბრძოლის შემდეგ მისმა მენეჯერმა ვეილმა თქვა, ამ ბიჭმა როკი კინაღამ გააგიჟაო. პირველი ხუთ რაუნდში მან საერთოდ ვერ დამარტყა. მეექვსეში კი წამხდარ მკლავში მგლიჯა და მე ჯანი შემისუსტდა, მოძრაობა მომიდუნა. წიგნებში წერენ, რომ თავხედობისა და გამბედაობისთვის მსჯიდა და სანოკაუტოდ არ მირტყამდა, მტანჯავდა და მარცხვენდა. სისულელეა, თავს მაკლავდა, ექვსი რაუნდი მირტყა და მოგება მაშინ ჩაუთვალეს, როცა კვლავ ფეხზე ვიდექი.

როკი რომ დაიღუპა, ერთი იტალიური ანდაზა გამახსენდა, სახელის განთქმის საუკეთესო გზა სიკვდილიაო. მაგრამ მივხვდი, რომ ვცდებოდი, ის სიცოცხლეში სახელოვანი იყო, სიკვდილის შემდეგ – ლეგენდარული.

მე კი სულ ვფიქრობ, რომ სპორტში ხშირად ხდება ასეთი რამ, შენ იმიტომ გიხსენებენ, რომ დიადი კაცის ისტორიაში ხარ ჩართული. ისინი ამბობენ, რომ მარჩიანო ვიღაცას შეხვდა. ამას განუწყვეტლივ იმეორებენ და არც მინდა ვიბრძოლო ამის შესაცვლელად. მე ხომ ისედაც ვიცი – “ვიღაც” არასოდეს ვყოფილვარ”.

22.08.1998

 

 

 

წილი
წინა სტატიანადალი მალიორკას ალაგებს
შემდეგი სტატიაბარსამ მალკომიც გაანაწყენა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.