„ჩელსის” პრეზიდენტს, რომან აბრამოვიჩს იდეა მოუვიდა: მას სურს დასავლეთ ლონდონელთა ნაცისტ ფანებს თამაშებზე დასწრება კი არ აუკრძალოს, არამედ აუშვიცის, იმავე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში საგანმანათლებლო ტურები მოუწყოს. მოგეხსენებათ, აბრამოვიჩი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ეროვნებით ებრაელია და მისთვის ჰოლოკოსტის თემა განსაკუთრებით მტკივნეული გახლავთ.
რასაკვირველია, ოცდამეერთე საუკუნის ინგლისში ადამიანს ვერ გაკოჭავ და სხვა ქვეყანაში, კერძოდ პოლონეთში ექსკურსიაზე ძალად ვერ გაუშვებ, მაგრამ ალტერნატივის წინაშე კი შეგიძლია დააყენო: ან საგანმანათლებო ექსკურსია ან „სტემფორდ ბრიჯის” აბონემენტთან გამომშვიდობება.
„ლურჯების” თავმჯდომარემ, ბრუს ბაკმა თქვა: „ხალხისთვის მხოლოდ სტადიონზე მისვლის აკრძალვით, მათ ქცევას ვერ შეცვლი. ჩვენი კლუბის ახალი პოლიტიკა კი მათ თავიანთი პოზიციის გაანალიზების და გადახედვის საშუალებას მისცემს. ადრე ჩვენ ნაცისტ ფანებს გულშემატკივართა ძირითადი მასიდან გამოვარჩევდით და სამწლიანი დისკვალიფიკაციით ვსჯიდით. ახლა კი ვეუბნებით: შენ არასწორად მოიქეცი, მაგრამ ჩვენ არჩევანის საშუალებას გაძლევთ. ან დაისჯები და სახლში იჯდები ან ჩვენს თანამშრომლებთან ერთად შეეცდები მიხვდე რა შეცდომა დაუშვი.
როდესაც ტრიბუნაზე 50-100 კაციანი ჯგუფი რაღაცას ყვირის, მისი სტადიონიდან გაყვანა და თავიდან მოშორება ძნელია, მაგრამ თუ ადამიანებს ინდივიდუალურად მივუდგებით, მათი გამოსწორების შანსი გვექნება”.
2017 წლის სექტემბერში, „ლესტერთან” თამაშის შემდეგ „ჩელსის” გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა ანტი-სემიტური მოწოდებების ყვირილი დაიწყო. ამით ისინი მაშინდელ კონკურენტ „ტოტენჰემ ჰოთსპურს” აღიზიანებდნენ, რომლის გულშემატკივართა შორისაც მრავლად არიან ებრაელები.
2018 წლის მარტის თვეში „ჩელსის” დელეგაციამ აუშვიცთან ტრადიციულ მარშში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ, ივნისში, „ლურჯების” ასორმოცდაათმა ფანმა კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად პოლონეთში საგანგებო ტურიც მოაწყო.
ახლა დასავლეთ ლონდონელები პრემიერლიგის სხვა კლუბების აყოლიებასაც ფიქრობენ.