სათაურში დასმულ კითხვას მოკლე პასუხი აქვს: არა!
თუმცა ცხადია, ამ პასუხს განმარტება სჭირდება და აი, ისიც:
ამ და ამ ტიპის კითხვებზე პასუხი შეფასების კრიტერიუმების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული. საქმეში ჩაუხედავი ხალხი, როგორც წესი, მედლებს ითვლის ხოლმე. მართლაც, ქართველებს 36 ოლიმპიური, 150 მსოფლიოს და ორასზე მეტი ევროპის ჩემპიონი გვყავს. შევუფარდოთ ახლა ეს რიცხვები მოსახლეობის რაოდენობას და ისეთ შთამბეჭდავ რიცხვებს მივიღებთ, მსოფლიოში ერთ-ერთი კი არა, ეგებ, ყველაზე სპორტული ერიც აღმოვჩნდეთ.
მაგრამ რამდენად სწორია შეფასების ეს კრიტერიუმი?
სხვაგვარად, ის, რომ მაგალითად, ლაშა ტალახაძე ძალიან მაგარია, იმავდროულად იმასაც ნიშნავს, რომ დანარჩენი 4 (თუ რამდენიცაა) მილიონი ქართველიც მაგრები ვართ?
რასაკვირველია, არა! ის, რომ ტალახაძე, თედიაშვილი, სანეევი და ბევრიც სხვა მაგრები არიან, დანარჩენ საქართველოზე არანაირად არ ვრცელდება.
სამაგიეროდ, ვრცელდება სხვა კრიტერიუმები: მაგალითად, მწეველთა, ნარკომანთა, ჭარბწონიანთა რაოდენობა.
? იცით თუ არა, რომ ყოველ მეშვიდე ქართველს სპორტი, სულ რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იყოს, ან იმავე ტალახაძის გამოსვლა ოლიმპიადაზე, ტელევიზორში საყურებლადაც არ აინტერესებს?
? ან, იცით, თუ არა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მუდმივად ადევნებენ თვალს სპორტულ სიახლეებს, საპენსიო ასაკისანები სჭარბობენ ახალგაზრდებს?
? ან იცით თუ არა, რომ ყოველი ხუთიდან 2 ქართველი სპორტულ აქტივობებში არა უფულობის ან უდროობის, არამედ სურვილის არქონის გამო არ არის ჩაბმული?
და კიდევ, სპორტულობის შესაფასებელი მთავარი კრიტერიუმი, რასაც მსოფლიოში იყენებენ, რეგისტრირებულ სპორტსმენთა რაოდენობაა. სპორტის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში დაახლოებით 140 ათასი რეგისტრირებული სპორტსმენი გვაყავს. იმის გასარკვევად, ეს რიცხვი დიდია თუ მცირე, ვიღაც სხვას, ჩვენნაირს უნდა შევედაროთ.
შესადარებლად საუკეთესო ვარიანტი ხორვატიაა. ორივე ქვეყანა ყოფილ სოციალისტურ ბანაკს წარმოვადგენთ, მოსახლეობის რაოდენობით და ტერიტორიითაც თითქმის ერთნაირები ვართ, 90-იან წლებში ორივემ საშინელი ომები გადავიტანეთ და დევნილების რაოდენობაც კი თითქმის ერთნაირი გვყავს. ჰოდა, ყველაფრით მსგავს ხორვატიას ნახევარ მილიონამდე რეგისტრირებული სპორტსმენი ჰყავს.
ყველაფერი ნათელია, ხომ?
გამოყენებულია სპორტის სამინისტროს კვლევის მონაცემები