„ელ კლასიკო” 28 ოქტომბერს არის. ის „კამპ ნოუზე” გაიმართება და, როგორც ამბობენ, „რეალის” თავკაც ხულენ ლოპეტეგისაც სწორედ ოქტომბრის ბოლომდე აქვს ვადა მიცემული.
შაბათს, „რეალი” „ალავესთან” დამარცხდა 0:1, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ბოლო ოთხი თამაშიდან სამი წააგო. სხვა სიტყვებით, მადრიდელებს 22 სექტემბერს „ესპანიოლთან” მოგების შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ.
ცუდი შედეგების მიუხედავად, „რეალი” ცხრილში მაინც მეოთხე ადგილზეა, რადგან კონკურენტებმა და მათ რიცხვში „ბარსამ” თავადაც დაკარგეს ქულები. ამიტომ, 28 ოქტომბრის „ელ კლასიკოს” საჩემპიონო ბრძოლის თვალსაზრისითაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
„ბარსელონასთან” დაპირისპირებამდე „თეთრებს” მე-11 ადგილზე მყოფ „ლევანტესთან” აქვთ შეხვედრა. „ელ კლასიკომდეა” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა „პლზენთანაც”.
ცხადია, „რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს 52 წლის ლოპეტეგის მოხსნა დანიშვნიდან სულ რაღაც სამ თვეში, არ უნდა. გაზეთი AS კი წერს, რომ „კამპ ნოუზე” დამარცხების შემთხვევაში პრეზიდენტს მწვრთნელის შეცვლის გარდა სხვა გზა აღარ ექნება.
ესპანეთში უკვე დაიწყეს მარჩიელობა, თუ ვინ შეცვლის ლოპეტეგის. ჯერჯერობით ორ კანდიდატს ასახელებენ: ანტონიო კონტესა და „კასტილიას” თავკაცს, 41 წლის არგენტინელ სანტიაგო სოლარის, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2000-2005 წლებში თამაშობდა.
„რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ამ ეტაპზე მწვრთნელის შეცვლას სიგიჟე უწოდა. მან თქვა, რომ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ყველა, ვინც „ლოს ბლანკოსის” კატასტროფაზე ლაპარაკობს, სეზონის ბოლოს დარწმუნდება, რომ ცდებოდა.
„ხალხი შედეგებზე ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ კვლავაც გვწყურია გამარჯვება. მოგება და ტიტულებისთვის ბრძოლა სისხლში გვაქვს”, — თქვა რამოსმა.