ჯერჯერობით, 2018 წელს, ლა ლიგის ფეხბურთელთა შორის იმდენი წუთი მოედანზე არავის გაუტარებია, რამდენიც ბარსელონელმა ხორვატმა ივან რაკიტიჩმა გაატარა. აღსანიშნავია, რომ რაკიტიჩი მხოლოდ სათამაშო დროით არ არის გამორჩეული, ის გამორჩეულია ყოველ შეხვედრაში გარბენილი კილომეტრებითაც. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ათასში ერთხელ თუ ნახავთ, 30 წლის რაკიტიჩმა თამაშში 10 კილომეტრზე ნაკლები რომ დაფაროს.
ხორვატის ასეთი გამძლეობა თურმე მისი დიეტის ცვლილებით ყოფილა განპირობებული. საქმე ის არის, რომ ექიმებმა ვარსკვლავს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება ცელიაკია აღმოუჩინეს, რის გამოც მას რაციონის შეზღუდვა უწევს. ის აღარ ეკარება მაკარონს, პურს, კამფეტებს, საკონდიტრო ნაწარმს, ლუდსა შოკოლადს. ასეთმა რეჟიმმა კი წონის 2 კილოგრამით დაკლება გამოიწვია.
„წინის დაკლებამ ძალიან დიდი საქმე გამიკეთა, — ამბობს რაკიტიჩი, — ახლა თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობ, ეს კი თამაშების მზადებაშიც მეხმარება და შემდგომ ძალთა აღდგენაშიც”.