ხვალ, „მანჩესტერ სიტი” აპრილის შემდეგ პირველად ჩადის ლივერპულში, „ენფილდ როუდზე”. გაზაფხულზე კი, თუ გახსოვთ, ეს ორი ინგლისური კლუბი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდა და მაშინ მერსისაიდელმა ხულიგნებმა სტადიონისკენ მიმავალ „ქალაქელთა” ავტობუსს სერიოზულად შეუტიეს. ახლა „სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა მათ აფრთხილებს, რომ მსგავსი რამ გულში არც კი გაივლონ.
„სიტის” გულშემატკივართა ნაწილს თავიანთი ვარსკვლავების ესკორტირებაც კი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ამის გაგონებაზე გვარდიოლა აღშფოთდა:
„მაშაყირებთ? გულშემატკივრები გუნდის ავტობუსს რატომ უნდა იცავდნენ? ჩვენი დაცვის საუკეთესო ვარიანტი, ლივერპულელი ფანების კარგი ქცევაა. პოლიციის თანხლებაც კი არ უნდა გვჭირდებოდეს. ორივე გუნდი ხომ სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ. მე მინდა, რომ პოლიციელები ხუთის ნახევარზე (მატჩის დაწყების ადგილობრივი დრო) შინ ბრუნდებოდნენ, ლუდს სვამდნენ და ფეხბურთის ცქერით სიამოვნებას იღებდნენ.
მაგრამ, ეს „მანჩესტერ სიტიზე” კი არა, ლივერპულელებზეა დამოკიდებული. ფანები ფეხბურთზე თამაშის საყურებლად უნდა დადიოდნენ”.
აპრილში, „მანჩესტერ სიტის” ავტობუსი მატჩის შემდეგ „ენფილდიდან” ვეღარ გავიდა, რადგან შუშა ჰქონდა ჩამსხვრეული და ათასობით გირვანქის დაზიანება მიყენებული.
პოლიციამაც ვერ ივარგა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ოფიცერი დაშავდა, მან ვერავინ დაიჭირა.
მაშინ, „სიტიმ” 0:3 წააგო, ორი შეხვედრის ჯამში კი 1:5 დამარცხდა.
უეფამ „ლივერპული” 17 600 გირვანქით დააჯარიმა, რაც 12 ათასით ნაკლები იყო იმ თანხაზე, რომლის გადახდაც „ბეშიქთაშს” მოედანზე კატის შეპარვისთვის დასჭირდა.
ხვალ „სიტი” სტადიონზე სხვა მარშრუტით მივა და ავტობუსის სვლას 15 კამერა გადაიღებს. თუ რამე მოხდება, დასაჭერ ხალხს მაინც დააფიქსირებენ.