საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველმა ნაკრებმა ბათუმში, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! დიდი ჯაფით და მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენმა ქალებმა ბოლო ტურში სომხეთის ნაკრების 3:1 დამარცხებით მოიპოვეს ის უმნიშვნელოვანესი ორი ქულა, რომელმაც მათ 17 ქულით 16-ქულიანი 9 ნაკრების, მათ შორის რუსეთის, აშშ-ს და საქართველოს მეორე ნაკრების ჩამოტოვება შეაძლებინა. შედეგი იმედს იძლევა: ჭადრაკს ჩვენში სიკვდილი კარგახანს არ უწერია.
გაიმარჯვეს კი ჩინელებმა, როგორც ქალებში, ისე ვაჟებშიც. ძლიერთა სქესის ფრონტზე რვა ტურის შემდეგ რაც აშშ-ს ვაჟთა ნაკრები ვაქეთ და ვადიდეთ, სულ წყალში ჩაყარა ყველაფერი. განგაშის სიგნალი ამერიკელებს მე-9 ტურში აუხმიანდათ, როცა პოლონეთის მართლა სიმპათიურ, მაგრამ რეიტინგის ბარე ორი თავით დაბლა მდგომ გუნდთან 1,5:2,5 წააგეს (სამი ყაიმის ფონზე ერთადერთი პარტია ჰიკარუ ნაკამურამ 151 რეიტინგული პუნქტით დაბლა მდგომ კასპერ პიორუნთან წააგო). მეათე ტურში ამერიკელები ნოკდაუნიდან გამოძვრნენ სომხეთთან გაჭირვებული მოგებით (2,5:1,5) და დასკვნით ტურში ოლიმპიური ჩემპიონის ვინაობა სწორედ ჩინელებთან ბრძოლით გაუხდათ მოსაპოვებელი. ოთხივე მძიმე პარტია ყაიმით დასრულდა და აშშ-ს, ჩინეთის და რუსეთის ნაკრებები (ეს უკანასკნელი საძაგელი სტარტის და შუაწელის შემდეგ ბოლო ტურებში ძლიერ მოფერიანდა და დასკვნითი ოთხი მატჩი მოიგო) 18-18 ქულით ერთად გადავიდნენ ფინიშის ხაზზე.
ფოტოფინიში ანუ დამატებითი მაჩვენებლები საჭადრაკო ოლიმპიადებზე საკმაოდ მაკვანარცხი კრიტერიუმებით ფასდება. 2010 წლის, ხანტი-მანსიისკის 39-ე საჭადრაკო ოლიმპიადამდე საქმე შედარებით სწრაფად წყდებოდა: თანაბარი ქულების შემთხვევაში (მოგებული მატჩების 2 ქულის და ფრედ დამთავრებულების თითო ქულათა ჯამებით რომ ანგარიშობდნენ) საქმეში საჭადრაკო პარტიათა ქულების ანუ საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა ერთვებოდა. ხანტი-მანსიისკიდან მოყოლებული თუ გუნდებს თანაბარი ქულები უგროვდებათ, მათგან საუკეთესოს ავლენს კრიტერიუმი სახელად (გრძელი ფრაზის ამოსათქმელად ჰაერი ღრმად ჩავისუნთქოთ) ოლიმპიური ზონენბორნ-ბერგერის ტაი-ბრეიკი უმდაბლესი შედეგების გარეშე, რომლის დეტალური აღწერა ჩვენი წერილის ფარგლებს სცილდება, გირჩევთ დაგუგლოთ.
მოკლედ, აღნიშნული კრიტერიუმით ჩინეთს 372,5 ქულა აღმოაჩნდა, აშშ-ს 360,5 უანგარიშეს, ხოლო რუსეთს – 354,5 და მედლებიც ამ მიმდევრობით განაწილდა. ქალთა შორისაც ზემოთ ხსენებული ენის მოსატეხი კოეფიციენტით დადგინდა ჩინელთა ზეობა (407,0) უკრაინელებზე (395,5), თორემ ქულა ორივეს 18 ჰქონდა დაგროვილი. 17 ქულით კი მესამენი, როგორც სულ თავში ვთქვით, ქართველები გახდნენ და წერილსაც მათთვის ამ ჩინებული შედეგის მილოცვით დავასრულებთ.
საბოლოო შედეგები
ვაჟები. 1. ჩინეთი 2. აშშ 3. რუსეთი – 18 ქულა; 4. პოლონეთი 5. ინგლისი – 17 ქულა; 6. ინდოეთი 7. ვიეტნამი 8. სომხეთი 9. საფრანგეთი 10. უკრაინა 11. შვედეთი 12. ჩეხეთი 13. გერმანია 14. ავსტრია – 16 ქულა … 28. საქართველო-1 – 14 ქულა; 43. საქართველო-2 – 13 ქულა; 51. საქართველო-3 – 13 ქულა;
ქალები. 1. ჩინეთი 2. უკრაინა – 18 ქულა; 3. საქართველო-1 – 17 ქულა; 4. რუსეთი 5. უნგრეთი 6. სომხეთი 7. აშშ 8. ინდოეთი 9. საქართველო-2 10. აზერბაიჯანი 11. ყაზახეთი 12. საფრანგეთი – 16 ქულა … 41. საქართველო-3 – 13 ქულა;