სულო ცოდვილო, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო ასეულში შეაბიჯა, უკვე გვიხაროდა და ვამაყობდით. თურმე, ჯერ სად ვართ?!
ნიკა ტოპებს ერთ სეზონში გაუშინაურდა და ჯერ თავისი რანგისები ხომ ჩაჩოგნა, ახლა კი ელიტას დაერია!
დღეს ნიკას მორიგი მსხვერპლი ესპანური და მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი ფერნანდო ვერდასკო შეიქნა. შედეგად კი ჩვენიანმა ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში შეაბიჯა.
ცნობისათვის: ჩინეთის ღია პირველობა ATP -500 სერიის, ანუ ელიტარული ტურნირია, შესაბამისი ატრიბუტებით. ბასილაშვილმა ვერდასკოს ორ სეტში მოუმთავრა საქმე და თუ პირველში ტაიბრეიკი დასჭირდა, მეორეში, 5:4-ზე აართვა მოწოდება და საბოლოოდ 7:6, 6:4 აგემა.
მითხარი ვინ დაამარცხე და გეტყვი, რამდენად მაგარი კაცი ხარო – ფერნანდო ვერდასკო ყოფილი მე-7, ამჟამად კი 28-ე ჩოგანია. ATP ტურში 515 მატჩის მომგებს (ნიკას 60 აქვს) მხოლოდ საპრიზოებით 16 მილიონი დოლარი უშოვია (ბასილაშვილს – 2,6 მილიონი), სამგზის დევისის და ერთხელაც ჰოფმანის თასი მოუგია… თუმც ნიკასთვის, წინა წრეში მე-17 ჩოგან ჯეკ სოკს რომ ააკვრევინა გუდა-ნაბადი, შიში და ავტორიტეტები უკვე უცხოა.
ჯერ უცნობია, მაგრამ მეოთხედფინალში მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (მსოფლიოს N5 და ტურნირის N2) უნდა იყოს. ორგანიზატორები ფინალში მას და ხუან მარტინ დელ პოტროს ელიან, თუმცა, იმედია, ბასილაშვილი ერთხელაც აურევს გეგმებს.
ვერდასკოს დამარცხების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 92 000 დოლარი საპრიზო თანხა უკვე გამოიმუშავა. ეს არ არის მაქსიმუმი. ნიკამ გაოცებას გადაგვაჩვია და იმედია, მსოფლიო ათეულის ბინადარსაც დააწყვეტს ნერვებს.
P. S. ახლახანს დასრულდა გერმანელი ზვერევისა და ტუნისელი მალეკ ჯაზირის დაპირისპირება. ტუნისელმა სამ სეტში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იქნება. 34 წლის ტუნისელი ვეტერანი რეიტინგში 61 ადგილზეა, საერთოდ კი 41- ე საფეხურს არ ასცილებია. ბასილაშვილს ნამდვილად შეუძლია ტუნისელის ძლევა და მერე…
მერე ნახევარფინალია, რომლის საგზურსაც ნიკას წილ ბადეში ერთმანეთს მე-16 ჩოგანი კაილ ედმუნდი და 53-ე დუშან ლაიოვიჩი შეეცილებიან.