ანტონიო ვალენსიას მობოდიშება მოუხდა — მან „ინსტაგრამზე” დაალაიქა პოსტი, რომლის ავტორიც ჟოზე მოურინიუს „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდა.

მანჩესტერელთა ეკვადორელმა კაპიტანმა თავში ხელები წაიშინა, ეს რა შეცდომა მომივიდა, პოსტი არც კი წამიკითხავს ხელი ლაიქისკენ ისე გამექცაო.

მოურინიუ საშინელი კრიტიკის ობიექტია და გუშინ, ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან” 0:0-ის შემდეგ ეს კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. მანჩესტერელებმა ესპანელ მეტოქესთან მოსაწყენი ფეხბურთი ითამაშეს, რამაც გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აღაშფოთა და სწორედ ამ თამაშის შემდეგ გამოჩნდა მავანის „ინსტაგრამზე” პოსტი, სადაც ეწერა:

„შედეგი არ გამკვირვებია. ჩვენი გუნდის თამაშს ყოველთვის მოუთმენლად ველოდებოდი, მაგრამ ბოლოხანს მოურინიუმ მისი ყურება სასჯელად აქცია. დროა, რაღაც შეიცვალოს. დროა მოურინიუ წავიდეს”.

და აი, ეს ტექსტი დაალაიქა 33 წლის ფეხბურთელმა, თუმცა, როგორც გითხარით, საკუთარ „ტვიტერზე” ბოდიშიც მოიხადა. ვფიქრობთ, ვალენსიას სიტყვების გამეორებას და მისი ციტატების მოტანას აზრი არ აქვს. ჩვეულებრივი ტექსტია — წაუკითხავად დავალაიქე, რისთვისაც პატიებას ვითხოვ. ჩემს მწვრთნელსა და ბიჭებს ბოლომდე მხარში ვუდგავარ, ჩვენი ამოცანა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებააო.