კირსან ილუმჟინოვის საქმეთაგან ჩამოშორების შემდეგ საჭადრაკო სამყაროს ეთერში რონინებდა აზრი, რომ დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკური იზოლაცია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) მენეჯმენტზეც ჰპოვებდა ასახვას და მარადმწვანე ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი გეორგიოს მაკროპულოსი ჭარმაგობისას მაინც ჩაჯდებოდა ფიდე-ს პრეზიდენტის არცთუ მყუდრო სავარძელში.

მაგრამ გამოჩნდა კონკურენტი და ფრიად წონიანი. რუსი არკადი დვორკოვიჩი, ვისაც ჭადრაკთან აქამდე მხოლოდ მამამისის (საერთაშორისო საჭადრაკო არბიტრი ვლადიმირ დვორკოვიჩი) სახელი აკავშირებდა, საპრეზიდენტო რბოლაში ჩაება მთელი თავის შნოიანი ავტობიოგრაფიით, რომელიც რუსეთის მთავრობის ნომენკლატურულ კიბეზე ელვისებურ აღმასვლას და ვიცე-პრემიერად ექვსწლიან მუშაობასაც მოიცავდა. მესამე კანდიდატად სახელოვანი ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტი დაფიქსირდა, ვის შანსებსაც მოკრძალებულად აფასებდნენ.

ფიდე-ს ახალი პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი
ფიდე-ს ძველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიოს მაკროპულოსი

დღეს საღამოს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” ფიდე-ს კონგრესი შედგა. გამოვიდა ნაიჯელ შორტი და რიგიანი ბომბი გადმოაგდო: ჩემს კანდიდატურას ვხსნი და დვორკოვიჩის მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთო. კენჭისყრის შედეგად რუსმა 103 ხმა მიიღო, ბერძენმა – 78 და დარჩა ისევ ვიცედ (1986 წლიდან მოყოლებული). ახალი პრეზიდენტის რანგში კი ტაში დაუკრეს არკადი დვორკოვიჩს, 46 წლის რუს ფუნქციონერს, ვისთვისაც ფიდე-ს პრეზიდენტობა ერთგვარი ნუგეში იქნება წელს რუსეთის მთავრობასთან გაციებული ურთიერთობების ფონზე – ვიცე-პრემიერობას ახალ მთავრობაში დვორკოვიჩი ვეღარ შესწვდა.

მომხდარის დიდად დეტალური ანალიზი არ გამოგვივა. გაგვიჭირდება, ავხსნათ, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ არუბას, ლესოტოს ან თუნდაც მალდივის კუნძულების ჭადრაკის ფედერაციათა წარმომადგენლები ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერისას. კულისებში ჩვენ არ ვყოფილვართ, არ ვიცით, ვინ ვის დაურეკა, ვინ ვის შეუთანხმდა, ან დაურეკა და შეუთანხმდა კი? იქნებ თითოეული ფედერაციის წარმომადგენელი სულ მისხალ-მისხალ სწავლობდა წარმოდგენილი კანდიდატების ღვაწლს საჭადრაკო სამყაროს წინაშე და საბოლოო გადაწყვეტილება დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ მიიღო. ერთი კია: წერილზე მუშაობისას რატომღაც სულ ის გვახსენდებოდა აკვიატებით, ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა რომ აღიარა…

წილი
წინა სტატიაჯერ წავიდესო და მერე უი, შემეშალაო
შემდეგი სტატიარონალდუს გამოსავალი: აღიარე ცისფერობა
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.