ბათუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გრძელდება და ფინიშისკენაც აიღო გეზი. 8 ტურის შემდეგ როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ფრონტებზე გაურკვევლობაა, რაც გათამაშების შვეიცარულ სისტემას უნდა მიეწეროს. მხოლოდ ბოლო ტურამდე თავდადებული და ყურადღებიანი თამაში მისცემს ნებისმიერ ნაკრებს სასურველი შედეგის ჩვენების უფლებას. აღნიშნულის მიუხედავად, გაბედულად ითქმის: ვაჟთა მხარეს ერთი აშკარა ფავორიტია აშშ-ს ნაკრების სახით. ამერიკული ჭადრაკის დიდი აღმავლობა 21-ე საუკუნის ათიან წლებში მაღალი დონის ახალგაზრდა ტალანტების ერთ ჭერქვეშ, სენტ-ლუისის საჭადრაკო კლუბში მრავალი ქვეყნიდან თავმოყრას უკავშირდება. მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი იტალოამერიკელი ფაბიანო კარუანა, ფილიპინური ძირის უესლი სო, იაპონიიდან შტატებს ჩასული ჰიკარუ ნაკამურა და კიდევ ადგილობრივი დიდოსტატი, ქვეყნის ჩემპიონი სემიუელ შენკლენდი ბათუმში დიდ ძალას წარმოადგენენ და საოცრებავ: პირველ ნომრადაც არიან განთესილნი, რაც რუსეთის ნაკრების მონოპოლია იყო ათადან და ბაბადან.
ამერიკელი კოსმოპოლიტები ამართლებენ მაღალ განთესვას. მეხუთე ტურში ისრაელთან საწყენი ფრის შემდეგ (კარუანამ მხცოვანი ბორის გელფანდი კი დაამარცხა, მაგრამ შენკლენდი ჩავარდა ემილ სუტოვსკისთან) იანკები გაცოფდნენ: მე-6 ტურში მათი წერა ბოსნია და ჰერცოგოვინა გახდა (3,5:0,5), რომელსაც მიჰყვა ხორვატია (3:1) და მე-8 ტურის უპრინციპულეს თამაშში აზერბაიჯანი (2,5:1,5). ჩვენი აღმოსავლეთ კარის მეზობლებს სამხრეთელ კარის მეზობლებთან ანუ სომხეთთან მე-5 ტურში გინდა არ გინდა პოლიტიკურად შეფერილი 2,5:1,5 გამარჯვების შემდეგ (შახრიარ მამედიაროვმა პირველ დაფაზე ლევონ არონიანი დაამარცხა, თეიმურ რაჯაბოვმაც გაბრიელ სარგისიანს მოუგო) ჩეხეთთან მოგებაც ერგო (3:1) და პოლონეთის ღონიერ ნაკრებთან ფრის შემდეგ ამერიკელებს ენერგიულად შეება, მაგრამ მამედიაროვი წინ ვერ აღუდგა კარუანას, ხოლო რაჯაბოვის სიმარჯვემ სოსთან ვერ იკმარა, იანკებმა 2,5:1,5 მოიგეს და ცხრილის თავში ადგილი განიმყარეს.
ქართველები ცხრილში ზიგზაგებით იძვრიან. ქვეყნის პირველმა ნაკრებმა ვერ იქნა და ვერ დაალაგა თამაში. მეექვსე ტურში კანადასთან ნათამაშევი ფრის შემდეგ ჩვენებმა დაუნდობლად სცემეს მაკედონია (4:0) და მეორე დღესვე დასანანად დამარცხდნენ მოლდოვის ნაკრებთან (1,5:2,5), რომლის ყოველ მოთამაშეს თავის ქართველ ოპონენტზე საგრძნობლად ნაკლები რეიტინგი ჰქონდა. ერთი კი ითქმის: მე-8 ტურის შემდეგ საქართველოს ვაჟთა ნაკრებები ცხრილში მათი ნუმერაციის მიხედვითაა განთავსებული: პირველი ნაკრები 38-ე, მეორე – 41-ე და მესამე – 59-ე ადგილებზე.
ქალები, როგორც ამას ათწლეულებია მივეჩვიეთ, ვაჟებზე წინ არიან, მაგრამ მათი ოლიმპიური ჩემპიონობის იმედიც ფინიშამდე სამი ტურით ადრე ალბათ ყველაზე გულანთებულ ქომაგებს თუ ექნებათ დარჩენილი. რაღა ახლა მოუნდათ ერთმანეთთან ომჩხუბი, ერთს მეორე გაეტარებინაო, იტყოდა მავანი ქართველი ქომაგი მე-6 ტურის შემდეგ, სადაც საქართველოს პირველმა და მეორე ნაკრებებმა ცხარე ბრძოლა გამართეს და პირველებმა გაჭირვებით 2,5:1,5 მოიგეს. შემდეგ 2017 წლის საუკეთესო მოჭადრაკედ ბათუმშივე დასახელებული ნანა ძაგნიძე და კომპანია ინდოელებს დაშორდნენ ზავით და მე-8 ტურში ყაზახეთს დაეჩაგვრინენ (1:3). სასწაულები ხდება, მაგრამ ჭადრაკში ნაკლებად, რადგან ჩინეთის, უკრაინის და აშშ-ს ნაკრებები დიდებულ ფორმაში არიან და ოლიმპიურ ტიტულსაც, სავარაუდოდ, ერთი მათგანი დაიჩემებს. საკმაოდ ბევრს იგებს ჩინელთაგან მსოფლიო ჩემპიონი ჟუ ვენჟუნი და მას თანამებრძოლებიც აქტიურად მისდევენ, ამიტომ ჩინეთის ნაკრები მყიფედ, მაგრამ პირველ ადგილზეა.
უჭირს კი რუსეთს, ოლიმპიადის პირველ ნომერს, რომელმაც მე-6 ტურში სომეხთა შტურმი ვერ მოიგერია (1:3), ორი თავით მასზე სუსტ საბერძნეთთანაც დაგეგმილი ოთხი ქულა ვერ აიღო (3:1) და მხოლოდ მომდევნო უმწეო ჰოლანდიის განადგურებით (4:0) გამოისწორა თავის შელანძღული მდგომარეობა. მერვე ადგილზე, საქართველოს პირველი ნაკრების ზუსტად წინ წამოსკუპებულ რუსეთის ნაკრებსაც ვერ უჩანს სამედლო და მით უმეტეს საჩემპიონო პირი.
საუკეთესო ხუთეულები.
ვაჟები. 1. აშშ 2. პოლონეთი 3. აზერბაიჯანი 4. ინდოეთი 5. საფრანგეთი
ქალები. 1. ჩინეთი 2. უკრაინა 3. აშშ 4. უნგრეთი 5. აზერბაიჯანი