The Sun-მა შეიტყო, რომ ზინედინ ზიდანმა ჟოზე მოურინიუს დაურეკა — ისეთი ამბავია ატეხილი, არ იფიქრო, თითქოს რაღაც მანქანებით ძირს გითხრიდეო. ზიდანი აღმოსავლელი კაცია, მარსელის ქუჩებში გაზრდილი და როგორც ჩანს ცხოვრებაში სხვა მორალური კოდექსით ხელმძღვანელობს.
ზიზუს „განსაკუთრებულისთვის” უთქვამს, ერთადერთი, რაც მე ჩემს აგენტებს ვთხოვე იმის გარკვევა იყო, ოდესმე „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი მწვრთნელის ძებნას თუ დაიწყებდა, ჩემი კანდიდატურის შეთავაზებას აზრი თუ ექნებოდაო.
ინგლისურმა გაზეთმა ამ საუბრის შინაარსიდან დაასკვნა, რომ მოურინიუმ ფაქტობრივად პირადად ზიდანისგან შეიტყო, თუ ვინ გახდება „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი მწვრთნელი. ყოველ შემთხვევაში, მთავარი ფავორიტის ვინაობა. თუმცა, ბოლო კვირების პრესის წაკითხვა, უფრო სწორად გადათვალიერებაც კი საკმარისია, რომ ეს იოლად ამოიცნოთ.
როგორც ამბობენ „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელმა შეფმა ედ ვუდვორდმა პორტუგალიელს „ყოფნა-არ ყოფნის” საკითხის გასარკვევად კიდევ ორი თამაში მისცა: ხვალინდელი, „ვალენსიასთან”, ჩემპიონთა ლიგაზე და შაბათისა, „ნიუკასლთან”. ორივე შეხვედრა „ოლდ ტრეფორდზე” გაიმართება.
პრემიერლიგის ბოლო ტურში „იუნაიტედმა” „ვესტ ჰემთან” 1:3 წააგო და ცხრილში მე-10 ადგილზეა. ჩემპიონატის პირველი შვიდი ტურის შემდეგ ასეთი ცუდი სტარტი გუნდს 1989 წლის შემდეგ არ ჰქონია.
„იუნაიტედის” ლეგენდა გარი ნევილი კი ამბობს, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ეს არეულობა დევიდ მოიესის გაშვების შემდეგ დაიწყო, რადგან მას მერე სერ ალექს ფერგიუსონის დროინდელი ფასეულობები დაიკარგა.
„მწვრთნელი არაფერ შუაშია. დამნაშავე მის ზემოთ მდგომი ხალხია. ისინი ყოველგვარი გეგმის გარეშე მიედ-მოედებიან”, — თქვა ნევილმა.