რატომ არ გამოუშვეს ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონი საქართველოში?

ძიუდოს ანგელოზი – ასე უწოდეს ესპანელებმა ნიკოლოზ შერაზადიშვილს, ქართველს, რომელიც ღვთით ბოძებულ საჩუქრად იქცა პირინეელთათვის – შერაზადიშვილმა აქამდე არნახული ოქრო მოუტანა ესპანურ ძიუდოს, რაც უდავოდ ისტორიული შედეგია. ესპანელებს მსოფლიოს ჩემპიონი აქამდე არა თუ ძიუდოში, ვაჟთა შორის ჭიდაობის არც ერთ სახეობაში ჰყოლიათ…

… ბაქოს ნაციონალური არენის ტრიბუნაზე ვსხედვართ და გურამ თუშიშვილს ვქომაგობთ. „თუშამ“ ეს-ესაა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა… იქვე ზის და უზომოდ გახარებულია თავად უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი.

– ქართულ საჭიდაო სკოლას განუმეორებელი ხიბლი აქვს, აი, ნახეთ, გურამი ჩემპიონი გახდება, – ამბობს ის.

იმედია, ალღო არც ამჯერად გიღალატებს. უნგრელ ტოტისთან მოგებული ნახევარფინალის შემდეგ, დამპირდი რომ მსოფლიოს ჩემპიონის რანგში მომცემდი ინტერვიუს…

– ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებული ინტუიციით გამოვირჩევი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, იგოლნიკოვის ძლევის შემდეგ ვირწმუნე, რომ ვერავინ გამაჩერებდა, გურამზე კი რა უნდა ვთქვა, ის ხომ შეუდარებელია. გამორიცხულია ჩემპიონობის ეს შანსი გაუშვას

– ათი წელია ესპანეთში ცხოვრობ, არ მეგონა ქართულად ასე გამართულად თუ ისაუბრებდი…

– 12 წლის ვიყავი, ოჯახით ესპანეთში რომ წავედით საცხოვრებლად და მას შემდეგ ერთი დღეც არ გასულა საქართველოზე ფიქრის გარეშე. ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით. მამაჩემი დიდი პატრიოტი იყო და მეც ასეთი სულისკვეთებით გამზარდა

– ემიგრაციაში როგორ მოხვდით?

– ეს ოჯახის გადაწყვეტილება იყო და გარკვეულწილად დიდი სტრესიც…

…  ჩემპიონს გაუმარჯოს! – ჩვენ ტრიბუნას უშანგი მარგიანი და ზებედა რეხვიაშვილი მოუახლოვდნენ და მხურვალედ ჩაეხუტნენ ნიკას…

– არ გიფიქრია საქართველოს სახელით ჭიდაობაზე?

– ჭიდაობა საქართველოში დავიწყე ბატონ ვაჟა ბალხამიშვილთან და იქ „მოვიწამლე“ ძიუდოთი. შემდეგ კი ესპანეთში, ბევრი რამ მომცა ამ ქვეყანამ, ფაქტობრივად იქ ჩამოვყალიბდი იმად, ვინც დღეს ვარ და ლოგიკურია რომ ამ ქვეყნის სახელით მიწევს გამოსვლა, მაგრამ სულით და გულით ქართველი ვარ და ეს ოქრო საქართველოსაც ეკუთვნის.

-ესპანეთი, განსხვავებული გარემო, თანაც, პატარა ბიჭისთვის დიდი ცდუნება ბარსელონა–რეალის სახით, შენ კი მაინც ძიუდოს უერთგულე ამ არასაჭიდაო ქვეყანაში…

– ერთი წამითაც არ მიფიქრია ძიუდოსთვის თავის დანებება. ძალიან მსიამოვნებდა ის რასაც ვაკეთებდი, ხანგრძლივი და მომქანცველი ვარჯიშების ჩათვლით. თანაც უმნიშვნელოვანესი იყო მამაჩემის ფაქტორიც. ზაზას დიდი დამსახურებაა ამ გამარჯვებაში. სამწუხაროდ იგი შარშან გარდაიცვალა და ეს დღემდე მოუშუშებელი ტკივილია ჩემთვის.

– ზაზა შერაზადიშვილი თავადაც მოჭიდავე იყო და ბუნებრივია წმინდა პროფესიონალური თვალსაზრისით, დიდი სტიმულის მომცემი იქნებოდა…

– ძალიან მიჭირს მამაზე საუბარი, უბრალოდ ერთს ვიტყვი, ისეთ ნიუანსებზე ამახვილებდა ყურადღებას, რასაც ვერც ერთი მწვრთნელი ვერ შეძლებდა. იგი ჩემს ფიქრებსაც კი გრძნობდა და ზუსტად იცოდა თუ რა მჭირდებოდა კონკრეტული ბრძოლისას. ფსიქოლოგიურად ასე მყარად რომ ვარ, მთლიანად მამაჩემის დამსახურებაა… დღეს იგი ჩემზე მეტად ბედნიერი იქნებოდა ამ გამარჯვებით.

– როდის მიხვდი რომ ძიუდოში წარმატების მიღწევა შეგეძლო?

– 2014 წელს, როდესაც, წარმატებით ვიჭიდავე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. მას მერე გაორმაგებული მონდომებით ვვარჯიშობდი. თავს არ ვზოგავდი, თითქმის მთლიანად ძიუდოზე ვიყავი გადართული და ბედნიერი ვარ რომ ამხელა შრომამ შედეგი გამოიღო.

– ბაქოში შენი პირველი მეტოქე ისლანდიელი ბლონდალი იყო…

– მასთან პრობლემა არ მქონია, დარწმუნებული ვიყავი რომ მოვუგებდი. უფრო იგოლნიკოვთან მოსალოდნელი დაპირისპირება მაფიქრებდა…

– უკვე მეორედ ახსენე მიხეილ იგოლნიკოვი…

– ის ჩემთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. ზუსტად ვიცოდი, თუკი მას მოვუგებდი –მედლისთვის ჭიდაობასაც შევძლებდი. ძალიან მოტივირებული გავედი. ალბათ გენმაც იმოქმედა – ქართველებს არასდროს გვაკლია მოტივაცია რუსების წინააღმდეგ.

– ოქრომდე კი ამის მერეც დიდი გზა იყო…

– რა თქმა უნდა… მაგრამ, მე გარკვეულწილად გამიმართლა კენჭისყრამაც. სხვა ბადეში იყვნენ იაპონელი ნაგასავა, კორეელი გვაკი და მასპინძელი ხალმურზაევი, სწორედ ესენი ითვლებოდნენ წონის ლიდერებად და მთავარ ფავორიტებად, თუმც ფინალამდე ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია.

– მაგრამ ფინალში უფრო გამოცდილი მოწინააღმდეგე გყავდა – მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი…

– სილვა მორალესი თავიდან ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ გათანაბრება შემეძლო. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო – მეტოქე შეცდომაზე დავიჭირე და ვაზარი ავუღე…

– დამატებითში კი მესამე წუთი ახალი დაწყებული იყო, ლამაზი გდებით ყველაფერი რომ დასრულდა. სულ მაინტერესებს, რას გრძნობენ ამ დროს – შენ ხომ მსოფლიო ჩემპიონი გახდი…

– შეხვედრის ვიდეო ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ ამ დროს გაურკვეველ მოძრაობებს ვაკეთებ. სრულიად გაოგნებული ვიყავი, ვერც კი გავაცნობიერე თუ რა ხდებოდა ჩემს თავს.

– ჩემპიონობა ალბათ ბევრ რამეს შეცვლის…

– ერთი რამ უკვე შეცვალა. აქედან სამშობლოში მინდოდა ჩასვლა და გეგმები შეიცვალა – როგორც მითხრეს ესპანეთში დიდი ზარზეიმით გველიან, ამიტომ მოგვიანებით ჩავალ საქართველოში. სხვა მხრივ კი ვიცი პოპულარული ვიქნები, მაგრამ არა მგონია ამან პიროვნულად შემცვალოს, მით უფრო რომ ჩემი კონკრეტული გეგმა მაქვს და ზედმიწევნით უნდა მივყვე ამას.

– რა გეგმა?

– მსოფლიოს ჩემპიონობის შენარჩუნება… ეს ძნელი საქმეა და მინდა გამოვცადო საკუთარი თავი. მერე კი ოლიმპიადა მოდის. მოკლედ დიდი გეგმები მაქვს.

– დაოჯახება არ შედის შენს გეგმებში? ბევრისთვის უკვე სასურველი სასიძო ხარ.

– საამისოდ შეყვარებულია საჭირო, რომელიც ჯერჯერობით არ მყავს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – ცოლად ქართველს მოვიყვან…