ფორმულა 1-ის რუსული ეტაპი ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა მოიგო.

რბოლის დასრულების შემდეგ კი გამარჯვებულს დასასვენებელ ოთახში პირადად რუსეთის პრეზიდენტი და მისი თარჯიმანი ესტუმრნენ.

ბუნებრივია, „მზეზე უმაღლესის“ სტუმრობა და არაფორმალურ გარემოში მილოცვა დიდი პატივია, თუმცა რეალური მიზეზი სხვა იყო:

„გთხოვთ, ისე გააკეთოთ, რომ პოდიუმზე შამპანურის გახსნისას მე არ გავიწუწო. ამის შეხსენება ყოველ წელს მიწევს“, – გადათარგმნა პუტინის სიტყვები თარჯიმანმა.

„ბატონო პრეზიდენტო, შარშან მე არ ვყოფილვარ. ვიღაც სხვა იყო“, – თავი იმართლა ლუის ჰემილტონმა.

შარშან ეგებ კიდეც იყო ვინმე სხვა, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, რომ 2015 წელს სწორედ ჰემილტონი იყო, ვინც პირველმა გადაავლო პუტინს შამპანურის შხეფები, ფოტოებმა კი რამდენიმე წუთში მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოები დაიპყრო.

თავად რბოლა დრამატული გამოდგა და ლუის ჰემილტონს ერიდებოდა კიდეც მილოცვების მიღება. კვალიფიკაცია მისმა თანაგუნდელმა ვალტერ ბოტტასმა მოიგო და რბოლასაც სათავეში ედგა, მაგრამ „მერსედესის“ საჯინიბოდან უბრძანეს, ჰემილტონი წინ გაეშვა. თავად ჰემილტონს სულაც არ უნდოდა ასე დემონსტრაციულად ნაჩუქარი გამარჯვების კომენტირება, მაგრამ მოუხდა:

„არ მინდოდა ასეთი ფინიში, მაგრამ ეს გუნდური სტრატეგიის ნაწილია. რაციით ვუთხარი, რომ ვალტერი აჩქარებულიყო, რადგან კუდზე სებასტიან ფეტელი მაჯდა. ვალტერი ფანტასტიური იყო და იმსახურებდა გამარჯვებას. ჩვენმა შტაბმა სხვაგვარად გადაწყვიტა, რადგან მე პირად ჩათვლაში გამარჯვების მეტი შანსი მაქვს. “.

არადა, შარშანდელი ჰემილტონიც ყველას ახსოვს: მაშინაც შტაბმა ბოტტასს მისი გატარების მითითება მისცა, მაგრამ ზედ ფინიშის სწორზე ჰემილტონმა დემონსტრაციულად დაამუხრუჭა და პოდიუმზე ფინელი თანაგუნდელი აუშვა.

წილი
წინა სტატიაპირადად დაურეკა!
შემდეგი სტატიაპანებმა ფრენბურთი დააპანიკეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".