45 წლის თომას ტუხელზე არასდროს უთქვამთ ბუნებით შინაურული კაცია, ფეხბურთელებთან ხუმრობა უყვარს და ყველასთან მეგობრობსო, მაგრამ ფაქტია, „პარი სენ ჟერმენში” სწორედ ამ თვისებებით გაითქვა სახელი. „მაინცისა” და „დორტმუნდის” ყოფილმა მწვრთნელმა საფრანგეთის დედაქალაქში ყველა მოხიბლა, ფეხბურთელიცა და კლუბის თანამშრომელიც.
„უნაი ემერი რადიკალურად საპირისპირო ხასიათის მქონე კაცმა შეცვალა, — წერს „ეკიპი” კლუბის თანამშრომელთა მონაყოლებზე დაყრდნობით, — დღეს პარიზელებს მოთამაშეებთან ძალიან დაახლოებული მწვრთნელი ჰყავთ. ის მათთან ხელიხელგადახვეული დადის, რაც ყველაზე მეტად ბრაზილიელებს მოსწონთ. ტუხელი „პარი სენ ჟერმენის” ყველა ვარსკვლავს დაუმეგობრდა. ის ყველასთვის პოულობს კეთილ სიტყვას. მისი ინტროვერტული წინამორბედი, კი სრულიად საწინააღმდეგო ბუნებისა იყო”.
თურმე ტუხელი ვარჯიშების დროს ერთ ხუმრობასაც არ ატარებს უყურადღებოდ. ანხელ დი მარიამ, მაგალითად, ერთხელ მწვრთნელი შეჭრილი თმის გამო გააშაყირა კიდეც, მან კი თავის მხრივ ნეიმარს მსუბუქად მიჰკრა ფეხზე და თეატრალური კოტრიალი შეახსენა. „ეკიპი” წერს სტუდენტებს ჰგავდნენო.
თომას ტუხელის დამსახურებაა, რომ „პარი სენ ჟერმენში” სამხრეთ ამერიკელები და დანარჩენები ჯგუფ-ჯგუფად აღარ დადიან. კიდევ, გერმანელმა მწვრთნელმა ვეტერანებს, ტიაგო სილვასა და ჯანლუიჯი ბუფონს ახალგაზრდებთან ურთიერთობაში დახმარება სთხოვა. მას უნდა, რომ ამ ორმა გამოცდილმა ვარსკვლავმა მომავალ თაობას გუნდთან შერწყმის პროცესი გაუადვილოს. ტუხელს სწამს, რომ ვარსკვლავები ყმაწვილებს კოლეგებივით უნდა ეპყრობოდნენ და არა როგორც „დისნეილენდში” საოცრებების შემყურე ბავშვებს.
ურთიერთობები ერთია და „პარი სენ ჟერმენს” მოედანზეც კარგად მისდის საქმე. საფრანგეთის ჩემპიონატში გუნდს ექვსი თამაშიდან ექვსი გამარჯვება აქვს — მეორე ადგილზე მყოფ „ლილს” 5 ქულით უსწრებს. ერთადერთი დაბრკოლება ჩემპიონთა ლიგაა. პარიზელებმა პირველ ტურში „ლივერპულთან” 2:3 წააგეს.