ბაქოს ნაციონალური არენის მიქს ზონის კარს სიხარულისგან შეშლილი ქართველი შეგლეჯით აღებს, სამი ნახტომით ფარავს ოც მეტრამდე დისტანციას, ვინ იცის იქნებ ეს ნახტომებიც სარეკორდოა. ზღვა ემოციას საოცრებების ჩადენა ძალუძს. მოგვიანებით საგანგებოდ, ნაბიჯებით გავზომე ეს დისტანცია, ოც მეტრს ბევრიც არ დააკლდა… ეს საოცარი ფრენა იყო, მსოფლიოს ჩემპიონის ფრენა… გურამ თუშიშვილის ფრენა… მსოფლიოს ჩემპიონ გურამ თუშიშვილის ფრენა…
თუშა, თუშა… მთელი დღის მანძილზე გუგუნებდა ბაქოური არენის ტრიბუნები. თუშაც მძლავრი ნაბიჯებით მიდიოდა ჩემპიონობამდე.

რუმინელი გოლიათის, ნატეას ძლევის მერე ძალზე ძლიერი უკრაინელი ხამო დააგდო, ამას ყვე

ლაზე რთული დაპირისპირება მოჰყვა ჰოლანდიელ მეიერთან და ნახევარფინალური ტრიუმფი მონღოლ ულზიიბაიართან.

მერე კი იყო უშანგი კოკაური, აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ქართველი მამლუქი და საოცარი ოქროს გდება ძირითადი დროის დამთავრებამდე ოთხი წამით ადრე.

და ისევ სამ ნახტომში დაფარული მიქს ზონა… ჩემპიონს პირველი ქართული გუნდის ექიმი გიორგი კახაბრიშვილი ეხვევა, განწირული კივილით შეშლილივით რომ იმეორებს “მსოფლიოს ჩემპიონი ხარ, მსოფლიოს ჩემპიონი ხარ…” და ჩემთვის საამაყო წამი – პირველი ფოტო ტრიუმფატორთან, პირველი კომენტარი, რომელიც მხოლოდ ორ სიტყვას მოიცავდა, ბევრჯერ გამეორებულ ორ სიტყვას – ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ…

სარბიელელი პაატა კვანტალიანი მსოფლიოს ახალ ფალავანთფალავანთან

ორიოდ მეტრში კედელს მიყრდნობილი უშანგი კოკაური ჩაცუცქულა, ვისი ფინალში გასვლაც ერთი დიდი სპორტული სასწაული იყო: “მადლობა ყველას, ცდა არ დამიკლია მოსაგებად, მაგრამ ვერ შევძელი – თუშიშვილი ღირსეული ჩემპიონია” – ნაწყვეტ-ნაწყვეტ მპასუხობს ჯერაც სუნთქვადაულაგებელი გორელი ბიჭი, ვინც მართლაც შეუძლებელი შეძლო ფინალში გასვლით.

ხუთი საჩემპიონი ბრძოლა, ხუთი იპონი, ეს საოცრება იყო. ისე გამოვიდა, რომ ორ პრეზიდენტს დაუგდო ფალავანი თუშიშვილმა, მონღოლი ხალმააგან ბატულგას მსგავსად, ბაქოურ არენაზე სტუმრობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ აღიევმაც ინება.
“დედამიწის ზურგზე ყველა მიყვარს, აბსოლუტურად ყველა” – ემოციებს ვერ მალავდა აცრემლებული მიშა თუშიშვილი, ჩემპიონის ძმა – “თქვენ არ იცით რამხელა შრომა და ტკივილი გაიარა გურამმა აქამდე რომ მოსულიყო. ყოველთვის მჯეროდა მისი. მან დიდი მიზანი დაისახა და ღირსეულად გაიმარჯვა”.
ჩემპიონატის პირველივე დღიდან გუნდს არ მოშორებია ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური: “საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, ჩვენ ღირსეულად დავიმსახურეთ ეს ტრიუმფი. მიუხედავად დიდი გართულებებისა, რაც ბოღო დროს ძიუდოს ოჯახში მოხდა, მაინც შევძელით მობილიზება. ვულოცავ მთელ საქართველოს”.
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს ძიუდოში -დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ირაკლი ცირეკიძის და ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ, გურამ თუშიშვილი მესამეა, ვინაც მსოფლიოს ზემოდან გადმოხედა, თანაც აბსოლუტური კატეგორიიდან. თუშა დღეიდან ფალავანთ-ფალავანია…