ვერა და ვერ მოისვენა ხამეს როდრიგესმა — ადრე „რეალში” ჰქონდა პრობლემა, ახლა „ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოიკიდა ფეხი.
მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მიმდინარე სეზონში, პირველივე წუთიდან სულ ახლახან, „ბენფიკას” წინააღმდეგ ათამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელიც ლისაბონში გაიმართა და „რეკორდმაისტერმა” 2:0 მოიგო. ხამესი 79-ე წუთამდე იყო მოედანზე. ბუნდესლიგის წინა ტურში კი, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი ნაკრებშიც კი არ გაემგზავრა, მაინც სათადარიგოდ ჰყავდა განწესებული და მხოლოდ მოგვიანებით ჩართო საქმეში.
კოვაჩი თავის დამოკიდებულებას ასე ხსნის: „შეტევაში ხამესს ყველაფერი შეუძლია, დაცვაში თამაშს კი ვარჯიშებზე ყოველდღიურად ხვეწს. ის დიდებული ფეხბურთელია. ყველაფერს იოლად უღებს ალღოს”.
და კიდევ ერთი ბავარიელი, რომელიც ძირითადში თამაშს ელოდება 30 წლის სანდრო ვაგნერია.
ვაგნერის საქმე ცოტა სხვანაირად არის. მისი კონკურენტი რობერტ ლევანდოვსკი გახლავთ, რომელმაც აქამდე ჩატარებულ 6 თამაშში 7 გოლი გაიტანა. ვაგნერმა კი სუპერთასზე 18 წუთი ითამაშა და სულ ეს იყო.
ისევ კოვაჩი: „ლევანდოვსკი საუცხოო ფორმაშია და ეს სანდროს მდგომარეობას ურთულებს. ის ჩინებული ადამიანი და კარგი ფეხბურთელია; ვარჯიშზეც სამაგალითოა. იმედი მაქვს, რომ შემდგომ თამაშებში ის ძირითადშიც გამოჩნდება”.