მას მერე, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ გუნდის მთავარ ვარსკვლავს ჰარი კეინს „დეზების” ისტორიაში არგაგონილი კონტრაქტი გაუფორმა და კვირაში 200 ათას გირვანქას უხდის, გუნდში მდგომარეობა აიმღვრა. კრისტიან ერიკსენმა, ტობი ალდერვეირელდმა და დენი როუზმა ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მათი ჯამაგირი კეინის ხელფასთან მეტ-ნაკლებ შესაბამისობაში მოდიოდეს.
ლევიმ კეინს ახალი ხელშეკრულება ივნისში გაუფორმა, რითაც თავდამსხმელს ფაქტობრივად გუნდის სუპერვარსკვლავის სტატუსი მიანიჭა. ხელშეკრულება 2024 წლამდეა ძალაში და თუ კეინი ამ თარიღამდე მართლა „სფურზში” გაჩერდა, გამოდის, რომ ის დაახლოებით 60 მილიონ გირვანქას მიიღებს. ცნობისთვის: აქ ბონუსებიც არის გათვალისწინებული.
და მართალია გასულ სეზონში, პრემიერლიგაში, 30 გოლის ავტორ ჰარი კეინს თანაგუნდელები პირადად პატივს სცემენ, როგორც ჩანს ხელფასებს შორის ბალანსის მეტისმეტმა დარღვევამ მაინც თავისი ქნა.
ახლა „ტოტენჰემი”, რომელმაც ბოლო სამი შეხვედრა (ორი პრემიერლიგასა და ერთი ჩემპიონთა ლიგაში) წააგო, ცდილობს „გასახდელში” ურთიერთობები მოაწესრიგოს.
როგორც ამბობენ როუზი, ალდერვეირელდი და ერიკსენი თავიანთი ხელფასების დაახლოებით 40%-ით გაზრდას ითხოვენ, მაგრამ ლევი „ტოტენჰემ ჰოთსპურის” დიდხელფასებიან კლუბად გადაქცევას კატეგორიულად არ აპირებს. ამიტომაც, 26 წლის ერიკსენი ჯამაგირის მომატებამდე კონტრაქტის განახლებაზე უარს აცხადებს; 29 წლის ალდერვეირელდი, რომელიც კვირაში 60 ათას გირვანქას იღებს, ამბობს, რომ კლუბში დარჩენაზე დაფიქრდება; 28 წლის როუზი კი მომავალ ზაფხულს წასვლაზე უკვე კატეგორიულად ალაპარაკდა.