ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი – არასოდეს სთქვა “მანჩესტერ იუნაიტედი”, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ “ოლდ ტრეფორდს”, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა.

როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა ეს ქალაქი სტალინგრადი იყოს), იქ მთავრდება მანჩესტერული ფეხბურთი. გინდა თუ არა, უშველებელი ხმაურის, პომპეზურობის და არტისტული მიხრა-მოხრის მიუხედავად, ინგლისის საკლუბო ლიდერი ნაციონალური მნიშვნელობის გუნდად რჩება.

სერ ალექს ფერგიუსონი 1996 წელს – როცა იგი სერი ჯერ კიდევ არ იყო

ჩანს, ერიკ კანტონაც მხოლოდდამხოლოდ კუნძულის მოთამაშე ყოფილა და მეტი არაფერი. წინა უიქ-ენდზე მან ურთულესი გოლი შეაგდო “ლიდსის” კარში, “დელე ალპიზე” კი, როგორც იმერლები იტყვიან, ცივი მჭადი უვარდებოდა ხელიდან.

ამ გუნდის, ამ მართლაც ალისფერი კოხტაპრუწების სიდიდე, მხოლოდ კუნძულით შემოიფარგლება. როგორ შეედრება “ემიუ” ოდინდელ “ლივერპულს”, რომელიც შინაც და გარეთაც პირველი იყო და ყველაფერს ფშვნიდა?

მაშ, არსებულა ორი მანჩესტერი – კუნძულისა და ევროპისა. ერთი მაგარი და მეორე თხლე. ევროპის მანჩესტერი ისეთი გუნდია, ე.წ. “იქსდვას” რომ ვერ შებედავ, კუნძულისა – პირიქით.

ამ სვეტს თქვენ შაბათს კითხულობთ, მე კი ოთხშაბათს ღამითა ვწერ, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის გასრულების შემდეგ და ვფიქრობ, აი, რის გამო:

რაშია მანჩესტერის ორსახოვნების საიდუმლო?

ასე მგონია, რომ ეს საიდუმლო თავად გუნდის მწვრთნელშია. სხვანაირად როგორ წარმოიდგენ, რომ ინგლისის მარადიული ჩემპიონი ხან თურქმა ამარცხოს, ხან რუსმა, ხან კიდევ ვიღაც ოხერმა?

ალექს ფერგიუსონი თავისი გაქანებით ერთი საშუალო მენეჯერია. მას ვერ შევადარებთ ვერც ჯორჯ გრემს, ვერც კენი დალგლიშს და ვერც კევინ კიგანს. მაგრამ ეშმაკი შოტლანდიელი ჯერჯერობით ერთადერთი კაცია კუნძულზე, ინგლისურ ფეხბურთს რომ გასაღები მოარგო. ფერგიუსონი არც გულიტის მსგავსი ავანგარდისტია და არც ვენეიბლზის დარი შემოქმედი, უბრალოდ, ფერგიმ ხაზი დაიჭირა – მან შეიმუშავა ინგლისურ კლუბებთან მოგების ფორმულა. მან მოარგო გასაღები ლიბერალურ და უეშმაკო ინგლისურ დაცვას და ამ გასაღების მოსარგებლად ალისფერთა ტაქტიკიდან ინგლისური ელემენტი გააქრო. აბა ნახეთ, განა მანჩესტერი ინგლისური კლუბია? მე ამას უფრო ფლანდრიულ-გალურ მანერას დავარქმევდი. ფერგიუსონმა გუნდს მხოლოდ ინგლისური ტემპი დაუტოვა და კანტონისტური იერით შეჭურვა.

ფერგიუსონის “რეფორმა” უხმაურო იყო, თუმცა ჰოდლის “ჩელსიზე” ერთი ამბავი შეიქნა.

მაგრამო, ისევ ინგლისელმა თქვა, ჩვენ განა კუნძული ვართო.

ის, რაც კუნძულს ერგება, კონტინენტზე არ გამოდგება. კონტინენტზე ასეთი “მანჩესტერები” ასობით უნახავთ. ევროპაში ჩამოსულ “კოხტაპრუწებს” წამსვე სუროგატული იერი დაედებათ ხოლმე.

1996-ის მანჩესტერი – ყველაფრის მომგები კუნძულზე და ყველაფრის წამგები კონტინენტზე

ფერგიუსონი არც კაპელოა და არც ჰოჯსონი (დღეს უბრძენესი ინგლისელი). ის უბრალოდ წითელცხვირა ალექსია და არ დაუჯეროთ, როცა ამბობს: “მე უკვე ვიცი, როგორ ვითამაშო ევროპაში. იუვეს მარგად დავხვდებით”. დიახ, მანჩესტერმა თავი მოიკლა, იომა და ოფლი დაღვარა, მაგრამ მაინც წააგო, რადგან იუვეს ფილოსოფია სხვაა, ვიდრე “ლიდსისა”. ევროპის ჩემპიონს ფლანდიური “შტუჩკებით” ვერ გააცურებ – მისთვის კანტონას კუნძულური ტრიუმფი დიდი არაფერია. ევროპაში მოსული მანჩესტერი უკეთეს შემთხვევაში განწირულ მებრძოლეებად გვევლინება, უარესში – უსახურ და სამარცხვინო ბრბოდ.

რატომ? აკი გითხარით – მისი ფეხბურთის გასაღები მხოლოდ ერთ კლიტეს აღებს. ღმერთმა ქნას, ორივე გააღოს, მაგრამ ამისთვის…

ეჰ, ამისთვის ბობ პეისლი ან ბრაიან კლაფია საჭირო.

14.09.1996

 

წილი
წინა სტატიატოჩი კადობანიდან გამოძვრა
შემდეგი სტატიაგაზას ყვ…ირილი და ვინი ჯონსი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.