ყველაფერი ან არაფერი – ამ დასახელების სერიალის პირველი სეზონი “ამაზონის” გადამღებმა ჯგუფმა შარშან გადაიღო და იგი “მანჩესტერ სიტიზეა”. ფილმში უხვადაა “ქალაქელთა” კულისებსმიღმა ამბებიც. მთლიანობაში, პროექტი წარმატებული გამოდგა და ამით ფრთაშესხმული ამაზონელებიც “ლივერპულს” მიადგნენ. 
პიარის თვალსაზრისით მაცდურ წინადადებას უყოყმანოდ დათანხმდა მერსისაიდული კლუბის შეფობა, თვით ჯონ ჰენრის თამადობით, თუმც მოულოდნელად საქმეში “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი ჩაერთო – გერმანელმა სპეციალისტმა შიდა სამზარეულოსკენ გამავალი გასახდელის კარი მიუხურა გადამღებ ჯგუფს.
კამერების წინ ფეხბურთელები არ იქნებიან ისეთივე ბუნებრივები, როგორც რეალურად არიან. შესაბამისად, იქმნება საფრთხე, რომ მათ მთავარზე – ფეხბურთზე ზედმიწევნით ფოკუსირება გაუჭირდებათ, ეს კი არ ზის ჩვენს გეგმებში – ამბობს კლოპი და მოდი და შეედავე…
ლივერპულური უარით გაოგნებული ამაზონელები მიუნხენში გაემგზავრნენ… ახალი სამიზნე “ბაიერნია”.