სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, „ეინდჰოვენთან”, ლეო მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი შესაძლოა „რეალისთვის” კარგი ნიშანი იყოს.
მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” ჰოლანდიელ სტუმრებს „კამპ ნოუზე” 4:0 მოუგო. სამი გოლი მესიმ შეაგდო, ერთიც — ოსმან დემბელემ. არგენტინელმა პირველი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა; მეორე გაუჩერებლად — მეტად ტექნიკური დარტყმით, მესამე კი დაახლოებით 15-20 მეტრიდან. ამრიგად, „ბლაუგრანას” ლიდერი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ მე-14 სეზონში გაიტანა გოლი. პირველი ჯერჯერობით „რეალის” ლეგენდა რაული გახლავთ. გარდა ამისა მესი გახდა ჩემპიონთა ლიგაში შესრულებული ჰეთ-თრიკების რეკორდსმენი — „ეინდჰოვენთან” ერთ თამაშში გატანილი სამი გოლი მისთვის უკვე მერვე შემთხვევა იყო.
„მესისთვის ეს ნორმალურია, რადგან მან ასეთ რაღაცებს მიგვაჩვია. ჩვენთვის, დანარჩენებისთვის ეს ფენომენალური შედეგი იქნებოდა, ლეო კი არაორდინარულს ყოველდღიურობად აქცევს” — თქვა „ბარსელონას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ.
მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სტატისტიკოსების აზრით მესის მიერ ლიგის ჰეთ-თრიქით დაწყება შეიძლება „ბარსელონასთვის” კი არა, „რეალისთვის” იყოს კარგი. საქმე ის არის, რომ აქამდე ორი შემთხვევა იყო (2013-14 და 2016-17), როდესაც არგენტინელმა პირველ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ორივეჯერ ბოლოს მადრიდელებმა იზეიმეს…