ისმინეთ მრავალგზის მოსმენილი: ქრისტეშობამდე 490 წელს, მარათონის ველზე, ათენიდან 42 კილომეტრისა და 195 მეტრის მოშორებით, ძველმა ბერძნებმა ვაგლახად ჰგვემეს აქემენიდების იმპერიის ლაშქარი და ფიდიპიდად წოდებულმა ერთმა ბერძენთაგანმა დიდებული ამბის ელინთა მთავარქალაქში სასწრაფოდ უწყება მოინდომა. ირბინა ბეჯითად, უწია ათენს, შეჰყვირა “გავიმარჯვეთ!” და გული ამოუვარდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ანუ მოკვდა.

ამ კოხტა ისტორიაში ერთადერთი თეთრი ლაქაა: დრო! ელადის ისტორიის მაესტროები მეგობრულად დუმან იმაზე, რამდენი საათი და წუთი შესწირა გმირმა ბერძენმა სამახარობლო ამბის მიტანას და აგერ უკვე მეორე ასეული წელია დედამიწის ყველაზე გამძლე სტაიერები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ფიდიპიდს იმ გმირობის ჩასადენად ორ საათზე ბევრით მეტი არ უნდა დასჭირვებოდა. პირველი მარათონი გაიმართა ზუსტად იქ, სადაც ლეგენდა იშვა (ანუ მარათონის ველიდან ათენის ცენტრამდე), სულ პირველ, 1896 წლის ათენის ოლიმპიადაზე და ბერძენი მეთულუხჩის, სპირიდონ ლუისის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ისტორიული დისტანციის გარბენას სამ საათამდე მოანდომა.
წლიდან წლამდე მარათონული გარბენი იმტკიცებდა მძლეოსნობის ბრენდის სახელს, რომელში მონაწილეობაც მხოლოდ პროფესიონალი სტაიერებისთვის როდი იყო ნებადართული. ოლიმპიურ თამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატებს რომ შევეშვათ, დედამიწის პრაქტიკულად ყველა ცნობილ ქალაქს ღირსებად უჩანს წელიწადში ერთი მარათონის გამართვა, რომელშიც ათეულ ათასობით მონაწილე ერთვება და მათი დიდი ნაწილი ვერც ახერხებს ფინიშამდე მიღწევას, თუმც საერთო საზეიმო ვითარებას ეს ხელს ვერ უშლის.
ყველა მარათონი ერთი წონის როდია. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) ოქროს ნიშანი (Golden Lable) მინიჭებიათ ბოსტონის, ნიუ იორკის, ჩიკაგოს, ლონდონის, ტოკიოს და ბერლინის მარათონებს. ვერცხლის ნიშანი (Silver Lable) როტერდამის, ამსტერდამის, ვაშინგტონის, ჰონოლულუს, ლოს ანჟელესის, რომის და პარიზის მარათონებს ეკუთვნით, რომელთაც მოჰყვებათ ბრინჯაოს მარათონები და ასე შემდეგ. უმაღლესი დონის მარათონული გარბენები პროფესიონალ სტაიერთათვის ფინანსურად უაღრესად მომხიბვლელ ამბადაა ქცეული და რეკორდების დასამყარებლად საკმარის მოტივაციას წარმოადგენს.

დიდებულ ქალაქ ბერლინში კვირას ოქროს მარათონი შედგა, რომლის სპონსორობა ავტოგიგანტმა BMW-მ იკისრა. რა განსაკუთრებული ამინდი იცის ბერლინმა წლის ამ დროს და რატომ დარბიან სტაიერები იქ განსაკუთრებული ხალისით, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტი ინებეთ: ვაჟთა 10 საუკეთესო მარათონული შედეგიდან რვა ბერლინშია ნაჩვენები, 2008 წელს დიადი ეთიოპით, ჰაილე გებრესილასიეთი დაწყებული და გუშინ, კენიელი ელიუდ კიპჩოგეთი დასრულებული.
კენიელის და ეთიოპის გარდა დიდ მარათონებს რომ ვერავინ იგებს, არახალია და კვირადღის ბერლინშიც ქუჩაში უხვად გამოფენილ პუბლიკას სხვა მოლოდინი არ ჰქონია. მარათონზე, მოგეხსენებათ, მარტოკაცი ვერას გახდება და კიპჩოგეს თანამზრახველთა საკმაოდ დიდი გუნდი ემსახურებოდა “კურდღლებად” ან მაინცდამაინც ანგლიზირებული ფორმა თუ გნებავთ, “პეისმეიკერებად”. “კურდღლებს” გადამწყვეტ მომენტამდე ფავორიტი სტაიერისთვის “გზის გაწმენდა”, ანუ ჰაერის არიდება და ტემპის შენარჩუნება ევალებათ. მათ თავიდანვე კარგად “ატარეს” კიპჩოგე და დააწინაურეს, მაგრამ 25 კილომეტრის გარბენის შემდეგ კენიელს ბოლო, მესამე “კურდღელიც” შემოეცალა და დარჩენილ 17 კილომეტრზე მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩა. ამოცანა ორი იყო: არ წამოსწეოდა მდევარი ორი კენიელისა (უილსონ კიპსანგი, ამოს კიპრუტო) და ერთი ეთიოპის (აბერა კუმა) შემადგენლობით და რაც მთავარია, ეფიქრა მსოფლიო რეკორდზე, რომლის გრაფიკში ჯერჯერობით ეტეოდა.
ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მომენტში კენიელმა გამონახა ფიზიკური და სულიერი რეზერვები და ტემპს უმატა. უკანათაგან აბერა კუმა უიმედოდ ჩამორჩა და ვერც ორმა კენიელმა გააწყო რა თანამოძმის მტანჯველი ტემპის წინააღმდეგ. ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე მსოფლიო რეკორდი უეჭველი გახდა და ელიუდ კიპჩოგემ მოზეიმე სახით, აუჩქარებლად გაარღვია საფინალო ლენტი.
სარეკორდო შედეგია 2 საათი 1 წუთი 39 წამი. მარათონის სამყაროში დიდი გარღვევა მწიფდება. შორს აღარ სჩანს ის დღე, როცა მორიგი კენიელი ან ეთიოპი 2 საათიან ზღუდეს დაამხობს.
