პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ კევინ დე ბრუინის გამოსასყიდი თანხა 223 მილიონი გირვანქა ანუ 250 მილიონი ევროა. ბელგიელი ვარსკვლავის შესახებ „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა „უნივერსო ვალდანოსთან” ილაპარაკა.

27 წლის დე ბრუინი ჯერჯერობით სეზონის დასაწყისში მიღებულ მძიმე ტრავმას მკურნალობს. მოგეხსენებათ, ნახევარმცველი გასულ სეზონში „სიტის” ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ძირითადი ინსტრუმენტი იყო.

კატალონიელი მწვრთნელის თქმით ასეთი გამოსასყიდი თანხის დასახელებაც კი არაფერს ნიშნავს, დე ბრუინი უბრალოდ არ იყიდება. გვარდიოლამ განაცხადა:

„ის ძალიან ძლიერია. მეტად დინამიკური მოთამაშეა. მარსელო ბიელსამ (ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი რომელიც დღეს „ლიდს იუნაიტედში” მუშაობს) მითხრა, რომ დე ბრუინი მისი ფავორიტია. ის მოედანზე ყველაფერს აკეთებს.

ამას წინათ კევინის მშობლებს შევხვდი. ხანდახან, მშობლების გაცნობის შემდეგ უფრო კარგად ხვდები შვილის ხასიათს, მის ვინაობას. ის დიდებული ბიჭია. მოკლედ, ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ დე ბრუინი არ იყიდება”.

კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის” იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელმაც კლუბთან ხანგრძლივ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ნახევარდაცვის მაესტრომ „ეტიჰედზე” დარჩენა ხუთი წლით გაიხანგრძლივა. თავის მხრივ კლუბმა კვირაში 260 000 გირვანქის ტოლი ჯამაგირი აღუთქვა.

გვარდიოლა ცდილობს გუნდის ბირთვი რამენაირად შეინარჩუნოს, თუმცა დავიდ სილვამ განაცხადა, რომ 2020 წლიდან „ლას პალმასში” უნდა გადასვლა, სადაც თავის მცირეწლოვან ვაჟთან იქნება.