მარკუს რეშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა უნდა და მზად არის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად თავდაუზოგავად იბრძოლოს. თუ თავდამსხმელი ამას ვერ შეძლებს, ზაფხულზე სერიოზული დაფიქრება მოუწევს — ხომ არ აჯობებს ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც თამაში ყოველ ტურში გარანტირებული ექნება.

რეშფორდის თემა იმიტომ წამოიწია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” მომუშავე მავანმა წყარომ „სანს” უთხრა: „მარკუსს ჩვენი კლუბი ძალიან კი უყვარს და მზად არის ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოლოს, მაგრამ იმავდროულად მას ამპლუის შეცვლა არ უნდა — ან ცენტრალური თავდამსხმელობა სურს ან ოდნავ უკან დახეულ ფორვარდად თამაში. არადა, მან კარგად იცის, რომ ასეთი დამოკიდებულებით მალე შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს”.

20 წლის რეშფორდმა ახალ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი ოთხი მატჩიდან  სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ბოლო შეხვედრაში ის გააძევეს, ასე რომ მონაწილეობას ვერც შემდეგ სამ ტურში მიიღებს. ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის” ვეტერანმა, ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა კი მასზე ლაპარაკისას თქვა, რომ რაკი რეშფორდს „იუნაიტედთან” კონტრაქტის თანახმად ერთი წელიღა აკავშირებს, რომელუ ლუკაკუს ჩრდილში დარჩენას შესაძლოა მართლაც სადმე გადასვლა ჯობდეს.

გასულ დღეებში, ერთა ლიგის მატჩებში, რეშფორდმა ინგლისის ნაკრების მაისურით ესპანეთსაც გაუტანა და შვეიცარიასაც. ამის მიუხედავად, კარაგერმა ადრე ნათქვამს ასე დაამატა: „სანამ ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედშია”, მეეჭვება რეშფორდმა ის შემადგენლობიდან ამოაგდოს. მაგალითად, „ევერტონი” კი ისეთი კლუბია, სადაც მას ძირითადში ადგილი გარანტირებული ექნება. გახსოვთ, მარკუსმა „ბრაიტონთან” ცუდად ითამაშა და ჟოზე მოურინიუმ მეორე შანსი აღარ მისცა, შემდეგ თამაშშივე ლუკაკუ დააყენა. რეშფორდი სულ ასეთი პრობლემის წინაშე იქნება”.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს კი ცხადია ურჩევნია ჰყავდეს ფეხბურთელი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედზე” შედარებით სუსტ გუნდში რეგულარურად ითამაშებს, ვიდრე „ოლდ ტრეფორდზე” სათადარიგოთა სკამზე იჯდება.