ქართველებმა გაიმარჯვეს! ერთიანობით და შეუპოვრობით ისრაელის ძლიერ ნაკრებთან 85:80 გამოსჭედეს და მთავარი ამ გამარჯვებაში იმ სენის დაძლევა იყო, რაგინდარა სპორტის სახეობაში ქართველთა საქმე არაერთგზის რომ გაუფუჭებია: პირველივე წაბორძიკებისას გუნების წახდენა და ხელების ჩამოყრა. დღეს საღამოს ბარე ორი იყო შემთხვევა, როცა ისრაელის შვილებმა ძალღონე მოიკრიფეს და არამცთუ წამოეწივნენ, არამედ გაუსწრეს კიდეც ჩვენებს და ეს იყო მომენტები, როცა ტელევიზორში შემძვრალ ქომაგს ნერვიულობისგან გული სტკიოდა, რადგან ბოლო ოცმა წელმა ასეთ მომენტებში წაგებასთან წინასწარ შეგუება გვასწავლა.
მაგრამ არა – დღეს ქართველები ვერაფერმა შეაჩქვიფა, ჯიუტად განაგრძეს თავიანთი საქმე და მეტოქე გატეხეს და დააბნიეს ისე, რომ ბოლო წამებზე მუხლების ცახცახი შეჰყარეს და ცენტრში ბურთის ართმევა და დასკვნითი ორი ქულაც აკი ამის ლოგიკური შედეგი იყო.
მოგვენატრა ასეთი გამარჯვებები და საერთოდ, გამარჯვებები.